ქართული საკვირაო სკოლები საზღვარგარეთ მშობლიურ კულტურას უფრო ახლოს გაეცნობიან

კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 70 ათასი ლარია.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრომ კონკურსის „კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის“ გამარჯვებულები გამოაცხადა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
კულტურის სამინისტრომ სამი გამარჯვებული პროექტი დაასახელა. ესენია:
1. საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი
საქართველოს ხელოვნების სასახლე Art Palace
დაფინანსდა ხელოვნების სასახლის, კულტურის ისტორიის მუზეუმის მიერ ZOOM-ის პლატფორმის საშუალებით გერმანიაში, ესპანეთში და საბერძნეთში მოქმედი სამი ქართული საკვირაო სკოლისთვის 6 ონლაინ ლექციის ჩატარება.
ლექციები ჩატარდება თემებზე: ქართული ტრადიციული სამოსი და აღკაზმულობა; მეფე ერეკლეს მოღვაწეობა და სამეფო სამოსი; ქართული ანიმაცია და მისი ისტორია. ასევე დაფინანსდა პროექტის მიმდინარეობის შესახებ მოკლემეტრაჟიანი საინფორმაციო ფილმის გადაღება, რომელიც განთავსდება ხელოვნების სასახლის ოფიციალურ გვერდზე.
2. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი
დაფინანსდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის მიერ გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, ესტონეთში და აშშ-ში მოქმედი ხუთი ქართული საკვირაო სკოლისთვის ონლაინ კულტურული ღონისძიებების ჩატარება ZOOM-ის პლატფორმის საშუალებით.
ასევე დაფინანსდა ათენისა და სალონიკის საკვირაო სკოლებში კულტურული ღონისძიებების ადგილზე მოწყობა. ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ქეთევან დუმბაძესთან, რომელიც ბავშვებს ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას გააცნობს. დაგეგმილია მომღერალ ია შუღლიაშვილთან შეხვედრა, რომელიც ბავშვებს შეასწავლის ინოლა გურგულიას საბავშვო სიმღერებს, ასევე სპექტაკლ „რწყილი და ჭიანჭველას“ ჩვენება.
3. „ზურიკელას სკოლა“. განმახორციელებელი – ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფონდი
ნოდარ დუმბაძე
დაფინანსდა ფონდის მიერ გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, ესტონეთში, საბერძნეთსა (სალონიკი, ათენი) და აშშ-ში მოქმედი შვიდი ქართული საკვირაო სკოლისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო-შემეცნებითი (ლიტერატურა, ხატვა, მუსიკა) გაკვეთილების ჩატარება ZOOM-ის პლატფორმის საშუალებით.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს პროექტი კონკურსის წესით ხორციელდება. კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 70.000 ლარს შეადგენს. მის ფარგლებში სამინისტროს სამმა განმცხადებელმა მომართა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს