თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ე.წ. ლოტკინის დასახლებაში ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების დროს მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ სამი პირი დააკავა, ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიუროს თანამშრომლების გამოჩენამ ადგილობრივი მცხოვრებლების პროტესტი გამოიწვია, რაც შემდეგ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
უწყების ცნობით, პოლიციის მხრიდან კანონის დაცვის არაერთი მოწოდების შემდეგ სამართალდამცველების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, სამსახურებრივი ავტომანქანის დაზიანებისა და გამოსახლების პროცესის ხელის შეშლის გამო სამი პირი დააკავეს.
დაკავებულებს შორის აღმოჩნდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ყოფილი დეპუტატი კახა კუკავა, რომელიც ოჯახის მხარდასაჭერად იყო მისული.
„ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტზე შეტევის მცდელობა. დაკავებულები გადაყვანილი არიან თბილისის საქალაქო სასამართლოში“, – ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმე 2019 წელს შევიდა. გამოსახლების პროცესი კოვიდ-პანდემიის გამო შეჩერდა. 3 წლის მანძილზე ბიუროს სოციალური მუშაკებისა და მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერების მონაწილეობით მხარეებთან, მათი მორიგებისა და საქმის ნებაყოფლობით დასრულების მიზნით, შეხვედრები და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
იყო შეთავაზებები კრედიტორის მხრიდან, რომელიც თანახმა იყო მოვალეს უძრავი ქონება გამოესყიდა. ასევე კრედიტორი სთავაზობდა მოვალეს საჩუქრად საცხოვრებელი სახლის მცირე ნაწილს, თუ ის დანარჩენ ფართს ნებაყოფლობით დაცლიდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
კანონის თანახმად, აღსრულების პოლიცია ვალდებულია აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.