ოპოზიცია: საქართველოს ხელისუფლება მედიაში ცენზურის დაწესებას გეგმავს

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებში საფრთხე პარტია „ევროპული საქართველოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა დაინახეს.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მმართველი პარტიის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებში მედიაში ცენზურის დაწესების საფრთხე დაინახეს.
ერთ-ერთი ცვლილებით, პირს, რომელიც ჩათვლის, რომ მისი კანონიერი ინტერესები დაირღვა, სასამართლოს გარეშე უფლება ექნება მედიას მოსთხოვოს გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა ან გასწორება. თუ მედიასაშუალება ამაზე უარს იტყვის, საჩივრის შეტანა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში იქნება შესაძლებელი.

„ხელისუფლების მიერ სპეციალურად ჩადებულია „ნაღმები“, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას - პროექტი შეიძლება განიხილებოდეს როგორც ცენზურის დაწესება. ამას რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ“, - განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ.

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ გაიხსენა, რით ხელმძღვანელობდა წინა ხელისუფლება 2004 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიღებისას. მისი თქმით, იყო პრინციპის საკითხი ის, რომ ყველაფერი, რაც შინაარსს უკავშირდებოდა, მედიის მხრიდან თვითრეგულირების საკითხს წარმოადგენდა. ხოლო თუ ადამიანია მიიჩნევდა, რომ მას ცილი დასწამეს, ის სასამართლოს მიმართავდა.
„ეს გაკეთდა შეგნებულად, სწორედ იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელსაც არამხოლოდ ასეთი კატასტროფული, არამედ ნებისმიერი მთავრობა სუსტი დემოკრატიის ტრადიციის პირობებში წარმოადგენს. ახლა ამ პრინციპული საკითხის შეცვლა უნდათ, რომ მედიის შინაარსობრივ რეგულირებაში შევიდნენ და ეს, რა თქმა უნდა, არის საფრთხე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა კანონპროექტს „ევროკავშირის დირექტივების იმპლემენტაცია“ უწოდა.
„იმ შემთხვევაში, თუ ახლა საბოლოოდ არ მივიღებთ და არ მოვახდენთ ამ დირექტივის იმპლემენტაციას, საერთოდ გავირიცხებით შემოქმედებითი ევროპის გაერთიანებიდან და საერთოდ არ გვექნება წვდომა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და კანონპროექტის საკამათო პუნქტზე მსჯელობა ღია იქნება.