თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის ბაშოზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი მეორედ დამარცხდა.
აკი ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი იაპონელ ჰოკოტოფუჯის დაუპირისპირდა და შეხვედრა ოშიდაშის ილეთით დათმო. ლევან გორგაძეს ორთაბრძოლის დროს მეტოქის წაქცევისა და გამარჯვების შანსი ჰქონდა, თუმცა იაპონელმა სუმოისტმა წონასწორობა შეინარჩუნა და საბოლოოდ ტოჩინოშინის დოჰიოდან გადაყვანაც შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ჰოკოტოფუჯი მიმდინარე ბაშოს ლიდერობს, იაპონელმა სუმოისტმა ოთხივე დაპირისპირება მოიგო.
ლევან გორგაძის ანგარიშზე ორი გამარჯვება და ორი მარცხია. სექტემბრის ბაშოს მეხუთე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-6 მაეგაშირა ენდო იქნება, რომელსაც აკი ბაშოზე ერთი გამარჯვება და 3 მარცხი აქვს.