თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება, დღეისათვის მნიშვნელოვანი მშვიდობის შენარჩუნებაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად ადანაშაულებს ოპოზიციას ქვეყნის ომში ჩათრევის სურვილში. ამასობაში საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა.
„დღეს, ისე, როგორც არასდროს, საჭიროა მშვიდობის, სიმშვიდის შენარჩუნება და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. ასე რომ, საქართველო არ მიიღებს სანქციებში მონაწილეობას და საქართველოში არ გაიხსნება მეორე ფრონტი“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, დღეს ქვეყანას ჰყავს პატრიოტებისგან შემდგარი მთავრობა.
„ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრივი მიდგომები აქვს, რომლებიც პროგრესს უშლიან ხელს.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. როგორც ადრე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, საქართველომ უკრაინას იარაღი არ მიაწოდა, რადგან არ უნდა ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.