თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ხვიჩა კვარაცხელია – „განსაკუთრებული ფეხბურთელი რთული გვარით“, რომელსაც თამაშის საშუალება არ უნდა მივცეთ – ასე შეაფასა „გლაზგო რეინჯერსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი ვან ბრონჰორსტმა ქართველის თამაში „ნაპოლიში“.
დღეს ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე მატჩს შოტლანდიურ „გლაზგო რეინჯერსთან“ გამართავს. პირველ ტურში სპალეტის შეგირდებმა „ლივერპული“ დაამარცხეს - 4:1.
„რთული გვარის მარცხენა გარემარბი (კვარაცხელია) ძალიან ძლიერია – მან იცის ორივე ფეხის გამოყენება, ძალიან სწრაფია და ბევრი საშიშროების შექმნა შეუძლია. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მას თამაშიდან გამოვთიშავთ“, – ციტირებენ ვან ბრონჰორსტს სოციალურ ქსელებში.
ცნობილი ჰოლანდიელის თქმით, მის წინააღმდეგ დაცვაში ძალიან ფრთხილად უნდა ითამაშონ.
ჩემპიონთა ლიგის მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.