თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ქართველი ხალხი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის პარალელურად საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას არ დაუშვებს, მიაჩნია ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, დიპლომატსა და მეცნიერებათა დოქტორს გიგლა ბარამიძეს.
მეორე ფრონტის გახსნისკენ საქართველოს არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
„არა მეორე ფრონტს – ასე ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა და, საბედნიეროდ, ამ პოზიციას იზიარებს ქვეყნის ხელისუფლებაც“, – აღნიშნა გიგლა ბარამიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აზრით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე მოსახლეობაში პლებისციტი დღესვე რომ ჩატარდეს, მოქალაქეების უმეტესობა მას მხარს არ დაუჭერს.
„საქართველოში მეორე ფრონტი და ომში ჩათრევა მხოლოდ იმ ძალებს სჭირდებათ, ვისაც არეულობა, სახელმწიფო გადატრიალება და სააკაშვილის პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა. „ნაცმოძრაობა“ - ეს რევანშისტული რადიკალური დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყანის არევას ცდილობს“, – აღნიშნა ბარამიძემ.
პოლიტიკოსი მოსახლეობაში არსებული განწყობებიდან გამომდინარე პლებისციტის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს და დარწმუნებულია, რომ საქმე აქამდე არ მივა.
რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხს, გიგლა ბარამიძე არც ამის მომხრეა და მიიჩნევს, რომ ეს რუსეთზე მეტად საქართველოს დააზარალებს.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. როგორც უფრო ადრე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, საქართველომ უკრაინას იარაღი არ მიაწოდა, რადგან არ უნდა ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.