თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თბილისში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის რაიმე კვალი არ აღმოჩნდა, გამნაღმველებმა მუშაობა უკვე დაასრულეს, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით.
სუსის მონაცემებით, სპეციალისტები საელჩოს ტერიტორიაზე „112“-ში შესული ზარის საფუძველზე გამოცხადდნენ.
„გამნაღმველებმა ადგილზე ჩაატარეს საჭირო სამუშაოები. არ აღმოჩნდა საეჭვო არაფერი“, – განაცხადა სუსის წარმომადგენელმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ, პირველად მასმედიაში გავრცელდა. უსაფრთხოების მიზნით საელჩოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა თანამშრომლის და მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.
აშშ-ის საელჩომ საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს უსაფრთხოების საკითხის გადასაჭრელად გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.