პრეზიდენტი: ენერგოდამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია თავისუფლების შენარჩუნებისთვის

სახელმწიფო მეთაურის განცხადებით, ენერგეტიკა საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის თავისუფლება პირდაპირაა დამოკიდებული ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ ენერგეტიკის სფეროში რეფორმების რეალიზაცია მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ენერგეტიკა ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. თუ ჩვენ ამ კუთხით არ ვიქნებით დამოუკიდებლები, საერთოდ ვერ ვიქნებით დამოუკიდებელი და ეს ძალიან კარგად ჩანს, თუ დღევანდელ მოვლენებს და ევროპის მდგომარეობას შევხედავთ, რომელიც იძულებულია დაჩქარებული ტემპით მონახოს ენერგეტიკის ალტერნატიული წყაროები. ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თავისუფლების შესანარჩუნებლად", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2021 წელს საქართველომ 15,3 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 23,5%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. ქვეყანამ თვითონ 12,6 მილიარდი კვტ/სთ გამოიმუშავა.
საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა - ექსპერტი მიზეზებზე საუბრობს>>
დეფიციტის შესავსებად საქართველომ 2 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი ენერგიის იმპორტი განახორციელა. აქედან 1,2 მლრდ კვტ/სთ რუსეთიდან, 161,2 მლნ კვტ/სთ – თურქეთიდან, 600,1 მლნ კვტ/სთ – აზერბაიჯანიდან.
რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილმა 7% შეადგინა, რაც ძირითადად მოხმარდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაკონტროლირებადი აფხაზეთის მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს