თბილისში ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წიგნია გახსნილი

სამძიმრის წიგნში ჩანაწერი ნებისმიერ მსურველს შეუძლია დატოვოს.
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში ბრიტანეთის საელჩოში სამძიმრის წიგნია გახსნილი.
ელისაბედ II 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, იგი მშვიდობიანად გარდაიცვალა ბალმორალის სასახლეში. დიდ ბრიტანეთში 10 დღის განმავლობაში გლოვაა გამოცხადებული, რომელიც დედოფლის დაკრძალვამდე გაგრძელდება.
დედოფლის გარდაცვალების გამო სამძიმრის გამოხატვის მსურველები – რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები თბილისში დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დილიდან მიდიან და ტოვებენ ჩანაწერებს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დატოვოს ჩანაწერი სამძიმრის წიგნში პარასკევის ჩათვლით 10 საათიდან 13 საათამდე.

„მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალება დიდი დანაკლისია მთელი გაერთიანებული სამეფოსთვის, თანამეგობრობისთვის და მსოფლიოსთვის. მისი სიკვდილი ეპოქის შეცვლაზე მიუთითებს", – განუცხადა ჟურნალისტებს ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა.

დიპლომატის თქმით, ბრიტანეთის საელჩომ მიიღო უამრავი სამძიმარი და მხარდაჭერის გზავნილი, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილისგან, ასევე მთელი პოლიტიკური სპექტრისა და ქართული საზოგადოებისგან.
„ასეთ რთულ დროს ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დედოფალი ელისაბედ II იყო მონარქი, რომელიც სამეფოს სხვებზე დიდხანს ხელმძღვანელობდა. ჩვენ ამ წლის დასაწყისში აღვნიშნეთ მისი მეფობის 70 წლის იუბილე. მთელი ამ ხნის განმავლობაში მან თავისი ცხოვრება საზოგადოებრივ საქმიანობას მიუძღვნა, ის ყველასთვის შთაგონების წყარო იყო“, – განაცხადა ელჩმა.
ელისაბედ II – მეფე ჯორჯ VI-ის და ლედი ელიზაბეტ ბოუს-ლიონის უფროსი ქალიშვილი დაიბადა 1926 წლის 21 აპრილს ლონდონში. 1936 წელს, მამის ტახტზე ასვლის შემდეგ ელისაბედი ბრიტანეთის გვირგვინის მემკვიდრე გახდა.
1947 წელს შედგა ელისაბედისა და საბერძნეთისა და დანიის პრინც ფილიპის ქორწილი, რომელმაც უარი თქვა ყველა სხვა ტიტულზე, მიიღო ბრიტანეთის მოქალაქეობა და ედინბურგის ჰერცოგის ტიტული. მათ ოთხი შვილი შეეძინათ: ჩარლზი, უელსის პრინცი, პრინცესა ანა, პრინცი ენდრიუ, იორკის ჰერცოგი და პრინცი ედვარდი, უესექსის გრაფი.
1952 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ელისაბედ II გახდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, თანამეგობრობის 15 სახელმწიფოს მმართველი და თავად თანამეგობრობის მეთაური, ანგლიკანური ეკლესიის მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეობის წესის მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს მომდევნო მონარქი მისი ვაჟი ჩარლზი, უელსის პრინცი – კარლ III გახდა. მას წელს 74 წელი უსრულდება.