თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარმოადგინა, რაც განპირობებულია ეკონომიკის ზრდის დადებითი ტენდენციით.
მინისტრის თქმით, პანდემიის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკამ გასული წლის მეორე კვარტლიდან აღდგენა დაიწყო და 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა – 10,4% დაფიქსირდა. 2022 წლის შვიდ თვეში რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10,3%-ს შეადგენს.
„განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები ითვალისწინებს: რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს 8,5%-ის ოდენობით, ნაცვლად მანამდე არსებული 6%-ისა, ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი შეადგენს 10,5%-ს“, – აღნიშნა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროგნოზით გათვალისწინებული ნომინალური მშპ-ის მაჩვენებელი 64,8 მილიარდი ლარიდან 72,2 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
„ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 6.500 დოლარს აჭარბებს, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება 1,26 მლრდ ლარის ოდენობით და განისაზღვრება 16,8 მლრდ ლარის ოდენობით“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით 700 მლნ ლარით გაიზრდება, საგადასახადო შემოსულობები კი 266 მლნ ლარით.
ცვლილებები ბიუჯეტში ორ მთავარ მიზანს ისახავს: საბიუჯეტო დეფიციტის და სახელმწიფო ვალის შემცირებას.
„პირველია – მაკროეკონომიკური პარამეტრების შემდგომი გაუმჯობესება, რაც ქვეყნის მდგრადი და გრძელვადიანი ზრდის აუცილებელი პირობაა, მეორე – დამატებითი სახსრების გამოყოფა არსებული საჭიროებებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.
ხუციშვილის ინფორმაციით, 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტი დაიგეგმა მშპ-სთან მიმართებით 4,4%-იანი დეფიციტის, ხოლო მთავრობის ვალის 51%-იანი ნიშნულის ოდენობით.
ცვლილებების თანახმად, 2022 წელს სახელმწიფო 710 მლნ ლარით ნაკლებ ვალს აიღებს, ვიდრე ბიუჯეტით გეგმავდა, წლის ბოლოსთვის კი სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-ის 40%-მდე შემცირდება, რაც უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე ქვეყანაში პანდემიამდე იყო.
„სახელმწიფო ვალის 60%-დან უსაფრთხო ნიშნულამდე – 40%-მდე შემცირება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“, – ხაზი გაუსვა ხუციშვილმა.
ამასთანავე ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა მშპ-ის 4,4%-დან მცირდება 3,2%-მდე.
დეფიციტისა და ვალის შემცირების პარალელურად სახსრები დამატებით მიიმართება, ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და, მეორე მხრივ, ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, სოციალური და სხვა მიმართულებებით:
წელს სოციალურად დაუცველ ბავშვებს ყოველთვიური დახმარება მიმდინარე წლის 1 ივნისიდან გაეზარდათ 50 ლარით და განისაზღვრა ყოველთვიურად 150 ლარით, რისი დაფინანსებისთვისაც გამოიყოფა 86 მლნ ლარზე მეტი;
მიმდინარე წელს დაიწყო საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, რომლისთვისაც გამოიყოფა 40 მლნ ლარამდე;
ჯანდაცვის პროგრამებზე დამატებით გამოიყოფა 80 მლნ ლარი, მათ შორის, კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის დამატებით გამოიყოფა 45 მლნ ლარი;
მცირემიწიან ფერმერთა სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებით დახმარებისთვის გამოიყოფა 40 მლნ ლარი, რთველის დასაფინანსებლად – დამატებით 40 მლნ ლარი, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის სხვა პროგრამების დასაფინანსებლად – დამატებით 70 მლნ ლარი, მათ შორის, 55 მლნ ლარი გათვალისწინებულია შეღავათიანი აგროკრედიტების დასაფინანსებლად;
თავდაცვის სამინისტროს დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 80 მლნ ლარი, რომლითაც გაგრძელდება ჯარისკაცების ბინების მშენებლობა, ასევე გაგრძელდება თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება;
თბილისში იწყება პოლიციის ქალაქის მშენებლობა, რომელიც 1.100-ზე მეტ ბინაზეა გათვლილი;
სამაშველო ვერტმფრენების შესყიდვის მიზნით გამოიყოფა 50 მლნ ლარი;
სპორტის ხელშეწყობის და სპორტსმენთა დაჯილდოების მიზნით დამატებით გამოიყოფა 43 მლნ ლარი;
ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსფერი იზრდება 65 მლნ ლარით, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის დამატებით გამოიყოფა 130 მლნ ლარი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 80 მლნ ლარით, რაც მოხმარდება 2023 წელს საქართველოში დაგეგმილი, ფეხბურთში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაციას.
მუნიციპალიტეტების საგადასახადო შემოსავლები თავდაპირველ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 160 მლნ ლარამდე, რომლის დიდი ნაწილი ასევე მიიმართება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად;
ჯამში წელს ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოიყოფა თითქმის 6 მლრდ ლარი, აღნიშნა ხუციშვილმა.
ცვლილებების განხილვა პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება.