სახელმწიფო ტერიტორიების მოღალატეობრივად გასხვისება: მდინარაძე დავით-გარეჯის საქმეზე

„ოქროს მოწმემ“ სკანდალური საქმის ახალ დეტალებზე ისაუბრა.
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიის აზერბაიჯანისთვის გადაცემის მცდელობის თაობაზე ორი ქვეყნის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის შესახებ საქმე მეტყველებს იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა ღალატს, განაცხადა საპარლამეტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
პროკურატურამ გამოძიება 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო. მოსამართლის ცვლილების გამო ერთი წლის შემდეგ საქმის განხილვა თავიდან დაიწყო. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა.
„როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ადგილი ჰქონდა ღალატს და საკუთარი ტერიტორიების გაყიდვას, ეს უკვე ფაქტია… ეს დასტურდება ყველა ფაქტით, მაგრამ სამართლებრივად ამ საკითხზე სასამართლო და გამოძიება იმსჯელებს“, – განაცხადა მდინარაძემ.
კარტოგრაფების საქმე: სასამართლოში მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს>>>
მისი თქმით, დამნაშავეები სასამართლომ უნდა დაადგინოს.
„იმედია, დეტალურად მოეფინება ყველაფერს ნათელი“, – განაცხადა მდინარაძემ.
სკანდალური საქმის ახალ დეტალებზე ისაუბრა „ოქროს მოწმემ“ – სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის უფროსის ყოფილმა მოადგილემ მანანა აღაპიშვილმა. როგორც მან ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, იგი სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც დაკარგული დოკუმენტების შესახებ შესაბამის უწყებას აცნობა.
მისი თქმით, ალბომში 71-ის ნაცვლად 57 რუკა აღმოჩნდა. მათი აღწერა კი ნატალია ილიჩოვას უნდა ჩაეტარებინა.
„მან (ილიჩოვამ) შემომთავაზა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ ერთ-ერთი მონაკვეთის გასხვისება. შოკირებული ვიყავი. მისთვის არაფერი მითქვამს. ერთადერთი ეს ვუთხარი: „ნატო, ჩათვალე, რომ მე შენი ეს საუბარი არ გამიგონია და ძალიან გთხოვ, დატოვო ოთახი“, – განაცხადა აღაპიშვილმა.
მისი თქმით, ილიჩოვამ ვერ მოასწრო იმ დასახლებული პუნქტის დასახელება, რადგანაც მან შეაწყვეტინა საუბარი.
სავარაუდოდ, საუბარია თუშეთში მდებარე დასახლებულ პუნქტზე, რომელიც საქართველო-დაღესტნის საზღვართან მდებარეობს.
საქმის დეტალები
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს.
დავით-გარეჯის საქმეზე შეიძლება სააკაშვილი დაკითხონ>>>
პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.
ამჟამად ბრალდებულები მელაშვილი და ილიჩოვა სასამართლოს მიერ გირაოთი არიან გათავისუფლებული და მათ ქვეყნის დატოვება აქვთ აკრძალული.
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს