„მან შექმნა ეპოქა“ - საქართველოს პრემიერი ელისაბედ II-ზე

სამძიმრის წიგნში ჩანაწერის დატოვება მსურველებს პარასკევის ჩათვლით შეუძლიათ.
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული სამეფოს საელჩოში დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და გაერთიანებული სამეფოს ელჩს მარკ კლეიტონს თანაგრძნობა გამოუცხადა.
ბუკინგემის სასახლემ დიდი ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალების შესახებ განცხადება 8 სექტემბერს გაავრცელა. ელისაბედ II 70 წლიანი მმართველობის შემდეგ, 96 წლის ასაკში შოტლანდიაში გარდაიცვალა. ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული. დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში 19 სექტემბერს გაიმართება.

„საქართველოს მთავრობისა და ჩემი სახელით მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას დედოფლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ქედს ვიხრით მისი უდიდებულესობის ელისაბედ II-ის უდიდესი წვლილის წინაშე, რომელიც მას თანამეგობრობისა და მთელი მსოფლიოს წინაშე მიუძღვის“, – დაწერა ღარიბაშვილმა.

„მან შექმნა ეპოქა და მემკვიდრეობა იმ დიდებული მაგალითების დატოვებით, რაც ერისა და ქვეყნის სამსახურში ყოფნას განასახიერებს. ეს არის ჰუმანიზმის უმაღლესი იდეალებით მსახურება!” – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის ჩანაწერში.
დედოფლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის გამოსახატავად მოქალაქეები დილიდან მიდიან თბილისში დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და ჩანაწერებს ტოვებენ. ჩანაწერის დატოვება შესაძლებელია პარასკევის ჩათვლით, დილის 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე.
ელისაბედ II – მეფე ჯორჯ VI-ის და ლედი ელიზაბეტ ბოუს-ლიონის უფროსი ქალიშვილი დაიბადა 1926 წლის 21 აპრილს ლონდონში. 1936 წელს, მამის ტახტზე ასვლის შემდეგ ელისაბედი ბრიტანეთის გვირგვინის მემკვიდრე გახდა.
1947 წელს შედგა ელისაბედისა და საბერძნეთისა და დანიის პრინც ფილიპის ქორწილი, რომელმაც უარი თქვა ყველა სხვა ტიტულზე, მიიღო ბრიტანეთის მოქალაქეობა და ედინბურგის ჰერცოგის ტიტული. მათ ოთხი შვილი შეეძინათ: ჩარლზი, უელსის პრინცი, პრინცესა ანა, პრინცი ენდრიუ, იორკის ჰერცოგი და პრინცი ედვარდი, უესექსის გრაფი.
1952 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ელისაბედ II გახდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, თანამეგობრობის 15 სახელმწიფოს მმართველი და თავად თანამეგობრობის მეთაური, ანგლიკანური ეკლესიის მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეობის წესის მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს მომდევნო მონარქი მისი ვაჟი ჩარლზი, უელსის პრინცი – კარლ III გახდა. მას წელს 74 წელი უსრულდება. კარლ მესამის მეუღლე კამილამ კონსორტ-დედოფლის სტატუსი მიიღო.