საქართველოს ნაკრძალებში ვიზიტორების რიცხვი სწრაფი ტემპებით იზრდება

საქართველოს ნაკრძალებში სტუმრობენ როგორც უცხოელები, ისე ქვეყნის მოქალაქეები
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. 2022 წლის 8 თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 675.079 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 63%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვიზიტორთა შორის 49% საქართველოს, ხოლო 51% სხვა ქვეყნის მოქალაქეა. უწყების მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ პანდემიამდელ, 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
2019 წელთან შედარებით დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა 76%-ით აღდგა, აღნიშნავენ უწყებაში.
რაც შეეხება კონკრეტულ ნაკრძალებს, ვიზიტორების რაოდენობა 2022 წლის რვა თვეში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემდეგნაირად გაიზარდა:
სათაფლიას მღვიმე + 38%
ნავენახევის მღვიმე + 14%
მტირალას ეროვნული პარკი + 98%
თუშეთის ეროვნული პარკი + 99%
პრომეთეს მღვიმე + 92%
მარტვილის კანიონი + 82%
ოკაცეს კანიონი + 71%
ალგეთის ეროვნული პარკი + 72%
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს ეკოტურიზმის განვითარებას საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე. წელს განახლდა და გაიხსნა ახალი ეკოტურისტული სივრცეები.
მათ შორის გაიხსნა წალკის კანიონი, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, ნავენახევის მღვიმე, აშენდა ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა მტირალას ეროვნულ პარკში და ა.შ.