პარლამენტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

ახალ საგადასახადო სივრცეში გაწევრიანების შემდეგ ევროკავშირში გადარიცხვებისთვის არ იქნება საჭირო კორესპონდენტი ბანკები და სხვა შუამავლები.
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ევროზონის ერთიან საგადასახადო სისტემასთან (SEPA) მიერთების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური.
Single Euro Payment Area (SEPA) - არის ევროზონის ერთიანი საგადასახადო სისტემა, სადაც მთლიანად გაუქმებულია სხვაობა სხვადასხვა ქვეყნის შიდა და საერთაშორისო გადახდებს შორის ევროებში და ეს გადახდები ერთიან „საშინაო“ ბაზარზე ხორციელდება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ცვლილება 21 კანონში შევიდა, მათ შორის:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში
საქართველოს კანონში „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში.
„საკანონმდებლო პაკეტების შემუშავება და მისი დაჩქარებული წესით განხილვა განპირობებულია ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმის და ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულების აუცილებლობით“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრიანებისთვის მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, SEPA-ში საქართველოს გაწევრიანება სარგებლის მომტანი იქნება მრავალი მიმართულებით.
„კერძოდ, მეტ სანდოობას შესძენს საქართველოს საბანკო სექტორს საერთაშორისო არენაზე, გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობებს, გამარტივებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველო SEPA-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოფიციალური განაცხადის გაკეთებას უახლოეს მომავალში გეგმავს. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ეკუთვნის ეროვნულ ბანკს, რომელმაც ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე უნდა მოამზადოს.