თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. კახეთში ყურძენი საწარმოებს სამი ათასამდე მევენახემ ჩააბარა, 11 სექტემბრის მონაცემებით, შემოსავალი 35 მილიონ ლარს აღწევს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
11 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 37 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან, 15 ათასი ტონა რქაწითელი, 17 ათასი ტონა საფერავი, კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.
რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 300-მდე ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში.
მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა წელსაც განხორციელდება.
საწარმო, რომელიც ფერმერისგან შეისყიდის 100 ტონამდე „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს, მიიღებს სუბსიდიას 35 თეთრის ოდენობით.
სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე-ფერმერი შეძლებს. წელს სახელმწიფოს ყურძნის სუბსიდირების პროგრამა დაახლოებით 150 მლნ ლარი დაუჯდება.
2022 წელს ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი რეკორდულია და 300 ათას ტონას შეადგენს.