წყალბურთი: საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე საგზური მოიპოვა

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მე-8 ადგილზე დაასრულა და ავტომატურად მოიპოვა საგზური მსოფლიო ჩემპიონატზე.
დეიან სტანოევიჩის გუნდი მე-7 ადგილისთვის შეხვედრაში მონტენეგროს დაუპირისპირდა და დამარცხდა.
მონტენეგროელებმა ბოლო პერიოდის გარდა, ყველა ტაიმი მოიგეს და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვეს. საქართველოს ნაკრების რიგებიდან 2-2 გოლი ბორის ვაპენსკიმ, დუშან ვაშიჩმა და იოვან სარიჩმა გაიტანეს, ხოლო თითო გოლი თავი ვალიკო დადვანმა, მარკო ელაჩამ, ფაბიო ბარალდიმ, ანდრია ბითაძემ და ნიკა შუშიაშვილმა შეაგდეს.
ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე დეიან სტანოევიჩის გუნდი ჯგუფური ეტაპზე მონტენეგროსთან (11:14) და იტალიასთან (8:18) დამარცხდა, თუმცა სლოვაკეთს აჯობა (16:11) და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მეოთხედფინალის საგზურისთვის ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და 12:8 გაიმარჯვა. 1/4-ფინალში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ ხორვატიასთან წააგო. ქართველებმა მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში გადაინაცვლეს, მაგრამ ჯერ საფრანგეთთან დამარცხდნენ (5:7), ახლა კი მონტენეგროსთან და საბოლოოდ, საქართველო მერვე ადგილს დასჯერდა.
მიუხედავად მარცხისა, საქართველოს ნაკრებისთვის ეს ევროპის ჩემპიონატი ისტორიული იყო, რადგან დეიან სტანოევიჩის გუნდმა პირველად შეძლო ევროპის საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა.
აღსანიშნავია, რომ ქართველ წყალბურთელებს ევროპირველობაზე დებიუტი 2014 წელს ჰქონდათ, როდესაც მე-12 ადგილი დაიკავეს, 2016-ში მე-14 პოზიციაზე გავიდნენ, 2018-ში - 13-ზე, 2020 წელს კი საქართველოს ნაკრებმა მე-10 შედეგი აჩვენა.