ჭიდაობა: ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს

ნუგზარ წურწუმია ოქროს მედლისთვის ხვალ იჭიდავებს. ასევე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს იური ლომაძე.
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ნუგზარ წურწუმია ფინალურ ეტაპზე გავიდა.
პირველ საჭიდაო დღეს ხალიჩაზე ოთხი ქართველი გავიდა: ნუგზარ წურწუმია (55კგ), შმაგი ბოლქვაძე (72კგ), იური ლომაძე (77კგ), რობერტ კობლიაშვილი (87კგ).
შმაგი ბოლქვაძე და რობერტ კობლიაშვილი ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ, ხოლო იური ლომაძე ბრინჯაოს მედლის მოგების შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. ერთადერთი ქართველი მოჭიდავე, რომელიც კვარცხლბეკზე აუცილებლად ავა, ნუგზარ წურწუმიაა.
ნუგზარ წურწუმიამ ფინალამდე იორდანიის წარმომადგენელი მოსტაფა სულთან ალქადე 10:0 დაამარცხა, რის შემდეგაც უზბეკ იასურბეკ ორტკიბოევსა (5:2) და ყაზახ ამანგალი ბეკბოლატოვს (5:3) სძლია და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ფინალური შეხვედრა ხვალ, 11 სექტემბერს გაიმართება.