ვის უნდა გაუმხილოთ მიზანი, რომ წარმატებას მიაღწიოთ: კვლევის შედეგი

Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. მიზნების მიღწევას უფრო სწრაფად შეძლებთ, თუ მათ შესახებ თქვენი აზრით სტატუსით მაღლა მდგარ ადამიანებს უამბობთ, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ოჰაიოს უნივერსიტეტის სწავლულები.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ სტატუსით ტოლი ადამიანებისა და ოჯახის წევრებისთვის მიზნების გაზიარება ნაკლებად ეფექტურია.
ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, სქემა უკიდურესად მარტივად მუშაობს: თუ თქვენი გეგმების შესახებ ის ადამიანი შეიტყობს, რომელსაც ეთაყვანებით, ამ შემთხვევაში მეტ ძალისხმევას გამოიჩენთ, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ.
თემაში გასარკვევად მეცნიერებმა რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს. პირველ რიგში მათ გარკვეული რაოდენობის ადამიანების კარიერა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ყველაზე ხშირად მიზანს ისინი აღწევდნენ, ვინც საკუთარ ოცნებებს უფრო მაღალი მდგომარეობის ადამიანებს უმხელდნენ.
მეორე ექსპერიმენტში მკვლევარებმა 171 სტუდენტი ჩართეს. მათი დავალება იყო, განსაზღვრული დროის მონაკვეთში მაქსიმალურად ბევრჯერ გაემოძრავებინათ კურსორი მონიტორზე. შედეგების დათვლის შემდეგ კი უნდა გაემეორებინათ ცდა, ოღონდ ამჯერად ყველა მათგანს უნდა ჩაეწერა მიზანი. ბოლოს კი სამ ჯგუფად უნდა გაყოფილიყვნენ. ექსპერიმენტის ხელმძღვანელმა საცდელ პირებს აცნობა, რომ მიზნების შესახებ ჩანაწერებს მისი ასისტენტი წაიკითხავდა.
ამის შემდეგ სტუდენტთა ერთი ჯგუფის წინაშე გამოჩნდა საქმიან კოსტიუმში გამოწყობილი ახალგაზრდა, რომელიც მათ ეკონომიკის ფაკულტეტის ასპირანტად და ასევე სფეროს ექსპერტად გაეცნო; მეორე ჯგუფთან ის ჩვეულებრივ ტანსაცმელში ჩაცმული გამოცხადდა და უთხრა, რომ ისიც მათსავით სტუდენტია. რაც შეეხება მესამე ჯგუფს, მათ მიზნებს არავინ გაცნობია.
შედეგად, პირველ ჯგუფში შემავალმა სტუდენტებმა წარმოუდგენლად დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს საჭირო შედეგების მისაღებად, ხოლო მეორე და მესამე ჯგუფების შედეგები კი თითქმის ერთნაირი იყო და ბევრით არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
კიდევ ერთმა ექსპერიმენტმა, რომელიც ბევრად გლობალური იყო და მთელი სემესტრის განმავლობაში გრძელდებოდა, დაადასტურა, რომ ყველაზე წარმატებულად ამოცანას ის სტუდენტები უმკლავდებოდნენ, რომლებიც მათთვის პატივსაცემ ადამიანებს ესაუბრებოდნენ მიზნების შესახებ.
წყარო: Medical Express