საქართველოში ინვესტიციები იზრდება: სტატისტიკა განახლდა

საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მხრივ ლიდერი ქვეყნები არიან ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ჩინეთი ნიდერლანდი და აშშ.
Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წლის პირველ ნახევარში, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარი–ივნისთან შედარებით 102%-ით გაიზარდა და 922,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
„საქსტატი“ ინვესტიციების ზრდის ძირითად მიზეზად სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების ზრდას ასახელებს.
2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 57,2%-ით შემცირდა და 572 მლნ დოლარი შეადგინა. 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა ორჯერ გაიზარდა და 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მხრივ ლიდერი პოზიციები ეკავათ ესპანეთს, დიდ ბრიტანეთს, თურქეთს, ჩინეთს, ნიდერლანდს და აშშ-ს. ინვესტიციები ასევე შემოვიდა იაპონიიდან, მარშალის კუნძულებიდან, ჩეხეთიდან, დანიიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
რომელ დარგებში აბანდებენ
2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა, უძრავი ქონება და მშენებლობა.
ინვესტიციები ასევე განხორციელდა ტრანსპორტში, სასტუმროებსა და რესტორნებში, სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში.
რეინვესტიციები
ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რეინვესტიციის დიდი მოცულობა გახდა – იგი 72,2%-ით გაიზარდა და 559,1 მლნ დოლარი შეადგინა. 2021 წლის იანვარი–ივნისში რეინვესტიციის მოცულობამ 324,7 მლნ დოლარი შეადგინა.
ხელისუფლება და ექსპერტები რეინვესტიციის დიდი მოცულობის მიზეზად საგადასახადო სისტემაში ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვას ასახელებენ.
2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა საგადასახადო სისტემის ე.წ. ესტონური მოდელი, რომლის მიხედვითაც, გადასახადებისგან თავისუფლდება საწარმოთა მოგების ის ნაწილი, რომელიც წარმოების განვითარებისკენაა მიმართული. მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგება გადასახადის განაკვეთზე 15%-ს შეადგენს.
საინვესტიციო პოლიტიკა
მთავრობის ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლება პირობას დებს, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირება თავიდან მოხდება. პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა, ქვეყანა ახლებურ პოზიციონირებას აპირებს.
ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივ თვითმმართველობებთან.
გარდა ამისა, მიიღებენ კანონს „მეწარმეთა შესახებ", რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და პრაქტიკულად ახალ სივრცეს გაუხსნის ქართული და ევროპული ბიზნეს-ოპერატორების თანამშრომლობას. მათ შორის გამარტივდება ერთობლივი საწარმოების შექმნის პროცესი და გაიზრდება საქართველოში ახალი ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვის შესაძლებლობა.
კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად უარს იტყვის ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებსაც დამოუკიდებელი ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი ექნებათ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს