სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას საქმეს დაგეგმილზე ადრე განიხილავს

გვარამიას ადვოკატისთვის უცნობია, თუ რატომ შეცვალა სასამართლომ გადაწყვეტილება პროცესის თარიღთან დაკავშირებით.
Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის ნაცვლად 20 სექტემბერს განახლდება, განაცხადა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
19 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმის განხილვის 4 ოქტომბერს გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მაშინ მოსამართლეთა კოლეგიის წევრებმა განმარტეს, აგვისტო შვებულების პერიოდია, სექტემბერში კი სხდომების თარიღები მთლიანად გაწერილია, რის გამოც პროცესის ოქტომბრამდე ჩატარება შეუძლებელია.

„თარიღის ცვლილება ჩვენ მოვითხოვეთ, სასამართლო პროცესზევე დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ არ უნდა გაწელილიყო პროცესი და კარგი იქნებოდა, თუ სასამართლო კანონით გათვალისწინებულ ვადებში გაიმართებოდა“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისი თქმით, ადვოკატებისთვის უცნობია, თუ რატომ შეცვალა სასამართლომ გადაწყვეტილება პროცესის თარიღთან დაკავშირებით.
„ამაზე წარმოდგენა არ მაქვს“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
საქმის მოსმენა 12:00 საათზე დაიწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. პირველი ინსტანციის სასამართლომ მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულ საქმეზე გვარამიასთან ერთად ბრალი ჰქონდა წარდგენილი კიდევ ორ პირს – „რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას, რომელსაც სასამართლომ 50.000 ლარის ჯარიმა დააკისრა და კომპანია „ინტერ მედია პლუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს