თბილისი, 8 სექტემბერი − Sputnik. აუცილებელია, რომ უკრაინასთან და რუსეთთან ერთად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების გეგმა შემუშავდეს, განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ.
მისი თქმით, გეგმის განსახილველად შეხვედრა ორი კვირის ფარგლებში გაიმართება.
„იდეაში გვაქვს, ვკითხოთ რუსებსა და უკრაინელებს, არიან თუ არა თანახმა, რომ ზაპოროჟიეს სადგურზე თავდასხმები არ უნდა ხორციელდებოდეს, და სადგურის დაცვის მარტივი გეგმაც შევთავაზოთ. მიუხედავად ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებისა, ინტერესი ორივე მხრიდან დავინახე. მათ „არა“ არ უთქვამთ. მე უკვე მაქვს კონტაქტები ორივე მხარესთან. ვფიქრობ, ათი დღის, მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში შევხვდებით, რათა გეგმა შევიმუშაოთ“, − თქვა გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში გროსიმ.
IAEA-ს ხელმძღვანელის თქმით, ზაპოროჟიეს სადგურის მთელი გარემომცველი ზონის დემილიტარიზაცია ბევრად რთული და ამბიციური ამოცანაა, სწორედ ამიტომაც მიდის საუბარი მხოლოდ სადგურის პერიმეტრის დაცვაზე.
1 სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს გაეროს 14 ექსპერტი ეწვია. შემოწმების შემდეგ IAEA-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლითაც სააგენტომ მხარეებს სადგურის ტერიტორიის დაბომბვის შეწყვეტისა და სადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნისკენ მოუწოდა. ამასთან IAEA-ს არ დაუკონკრეტებია, რომელი მხარე ბომბავს სადგურს.