როგორ გავიგოთ, იტყუება თუ არა ბავშვი? ნიშნები და მიზეზები

Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი − Sputnik. მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ შვილების მიმართ, რათა დროულად შეამჩნიონ, რომ რაღაც ისე ვერ არის და შვილმა მათი მოტყუება დაიწყო, აცხადებენ ფსიქოლოგები.
მათი თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ გარკვეულ ასაკამდე (3-4 წლამდე) ბავშვები არ იტყუებიან, რადგან არ ესმით, რა არის ტყუილი. მაგრამ როდესაც წამოიზრდებიან, მშობლებისგან რაღაცის დამალვას, მათ „გაცურებას“ ცდილობენ, რათა დასჯა ან გაწყრომა აიცილონ თავიდან.
სპეციალისტებმა რამდენიმე ნიშანი ჩამოთვალეს, რომელთა მიხედვითაც მარტივად შეიძლება დადგინდეს, ცრუობს თუ არა ბავშვი.

ბავშვი იტყუება, თუ:

რაღაცის მოყოლისას ან შეკითხვაზე პასუხის გაცემისას ხელები ტუჩებთან მიაქვს და პირზე იფარებს;
ცდილობს მალე დაასრულოს უხერხული საუბარი;
მისთვის დასმულ შეკითხვას იმეორებს;
ცდილობს არ გიყუროთ თვალებში;
საუბრისას ხველებას იწყებს;
გაუცნობიერებლად ეხება ცხვირს;
ისრესს თვალებს, ნიკაპს ან საფეთქლებს;
აწვალებს ყურის ბიბილოს;
იფხანს კისერს ან საყელოს ქაჩავს;
ხელები ზურგს უკან უჭირავს;
თვალებს ხშირად ახამხამებს;
ტუჩებს იკვნეტს.
აღსანიშნავია, რომ თუ ბავშვს საკუთარი ტყუილისა სცხვენია ან ეშინია, შესაძლოა ტემპერატურამაც კი აუწიოს 1–1,5 გრადუსით.

ფსიქოლოგების თქმით, მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ ბავშვისთვის ნებისმიერი ტყუილი სტრესია, მაგრამ ყველა სტრესი ტყუილის გამო არ ემართება.

როგორ გავარკვიოთ, არის თუ არა სტრესის საფუძველი ტყუილი? ამის ახსნა ერთი სიტუაციის მაგალითზე შეიძლება:
ვთქვათ, სკოლაში დაგიბარეს, რადგან თქვენმა შვილმა ფანჯარა ჩაამტვრია. თქვენ ბრაზობთ, ბავშვს კიცხავთ, უყვირით. ის გეუბნებათ, რომ მომხდარში დამნაშავე არ არის, მაგრამ არ უჯერებთ. ისიც ნერვიულობას იწყებს და ამ დროს შეიძლება სიცრუის ყველა ნიშანი გამოავლინოს.
მაგრამ ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას. უბრალოდ დაამშვიდეთ ბავშვი, აუხსენით, რომ არაფერი საშინელი არ მომხდარა, რომ ყველაფერში გაერკვევით. ესაუბრეთ ასე მშვიდად 7-10 წუთის განმავლობაში.
თუ ამ ხანში ბავშვი დამშვიდდა და საუბარი დაგიწყოთ, იცოდეთ, რომ ფანჯრის ჩამტვრევაში დამნაშავე არ არის (ალბათობა 99%). ხოლო თუ 10 წუთის შემდეგაც ისევ პანიკაშია და ტყუილის ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს ავლენს, მაშინვე შეუდექით მინის ძებნას ჩამტვრეულის ადგილზე ჩასასმელად.

რატომ იტყუებიან ბავშვები?

ფსიქოლოგები რამდენიმე ძირითად მიზეზს გამოყოფენ. ესენია:
დასჯის შიში − ბავშვი იგონებს რაღაცას, რათა უფროსების წყრომა თავიდან აირიდოს;
საციალური თვითდამკვიდრების სურვილი − როდესაც სურთ თანატოლებს შორის სტატუსი აიმაღლონ;
პირადი საზღვრების დაცვა − როდესაც ბავშვს ეჩვენება, რომ მშობლები ზედმეტად აქტიურად მონაწილეობენ მის ცხოვრებაში, იგონებს ტყუილს, რათა თავი უფრო დაცულად იგრძნოს;
უფროსებისადმი უნდობლობა − თუ ბავშვი მშობლებს არ ენდობა, სიმართლეს არ ეტყვის.

როგორ მოვიქცეთ, რომ ბავშვმა ტყუილის თქმა დაივიწყოს?

ფსიქოლოგები მშობლებს უპირველესად ურჩევენ, კი არ გაწვრთნან შვილები, არამედ აღზარდონ.
აღზრდა − ეს ბავშვთან ხშირი ურთიერთობა, მასთან საუბარი, გარკვეული ცხოვრებისეული განმარტებების მიცემაა. ბავშვი უნდა გენდობოდეთ, სჯეროდეს, რომ მის საიდუმლოს არ გათქვამთ, რომ ყოველთვის მხარს დაუჭერთ. მოკლედ რომ ვთქვათ, აღზრდა − ეს ნაკლები ჩხუბი და მეტი მშვიდი საუბარია.
წვრთნა − ეს არის სისტემა, რომელიც აგებულია ალგორითმზე „ბრძანება–შეუსრულებლობა–დასჯა; ბრძანება–შესრულება–შექება“.
გახსოვდეთ: ბავშვი შეიძლება უბრალოდ იძულებულია მოგატყუოთ, ვინაიდან არ იცის, როგორ გაუმკლავდეს შეცდომას, თქვენთვის სიმართლის გამხელა კი ეშინია, ვინაიდან იცის, რომ დასჯით.