ეს „ნაციონალურ მოძრობას“ დაასამარებს - ექსპერტი ვადამდელ არჩევნებზე

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, საქართველოს მოსახლეობა ვადამდელი არჩევნებისთვის მზად არ არის, ოპოზიცია კი რეალობას თვალს არ უსწორებს.
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ვადამდელი არჩევნები დაასამარებს საქართველოს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, განაცხადა ექსპერტმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა Palitranews-ის ეთერში.
მიმდინარე კვირის დასაწყისში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტიის ყველა მოქმედება და ნაბიჯი, მათ შორის საპროტესტო აქციები, მიმართული იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ. მისი თქმით, სწორედ ვადამდელი არჩევნები შეამსუბუქებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს.

„ვადამდელი არჩევნები კი არ დაასრულებს „ნაციონალურ მოძრობას“, არამედ დაასამარებს მას, რადგანაც ხალხს ყელში აქვს ამოსული „ნაცმოძრაობა“, – დარწმუნებულია ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, დღეისათვის უარყოფითი რეიტინგი უფრო „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ვიდრე მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“.
„ხალხს „ქართული ოცნების“ ატანა არა აქვს, მაგრამ „ნაცმოძრაობას“ უფრო მეტად ვერ იტანენ. უარყოფითი რეიტინგი უფრო „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. უბედურება ის არის, რომ ცუდსა და უარესს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ექსპერტის აზრით, ოპოზიციური პარტიისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვადამდელ არჩევნებზე საუბარი, ვიდრე თავად შედეგი.
ზაქარეიშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობა ვადამდელი არჩევნებისთვის მზად არ არის, ოპოზიცია კი რეალობას თვალს არ უსწორებს.
ამ თემაზე საუბრისას კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ყველა ოპოზიციურ ძალას, რომლებიც ვადამდელ არჩევნებზე საუბრობენ, „ლუზერების კრებული“ უწოდა.
თავის მხრივ, ოპოზიციურმა პარტიებმა „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო საქართველოსთვის“ არაგონივრულად მიიჩნიეს „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შესახებ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს