თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ უნდა გახსნას უფრო მეტი სპორტული მოედანი, რათა აღზარდოს ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი სულ უფრო მეტი წარმატებული ადამიანი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ასე გამოეხმაურა წარსულში თავად წარმატებული ფეხბურთელი, ამჟამად დედაქალაქის მერი კახა კალაძე იტალიის საფეხბურთო კლუბ „ნაპოლიში“ მოთამაშე 21 წლის ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ბოლოდროინდელ წარმატებებს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ქალაქში უნდა იყოს უფრო მეტი სკვერი, დასასვენებელი ადგილი, რეკრეაციული სივრცე, სპორტული მოედანი, რისთვისაც მუნიციპალიტეტს ყველა საჭირო რესურსი და შესაძლებლობა აქვს.
„ჩვენ ვდგავართ ბევრი გამოწვევისა და უამრავი პრობლემის წინაშე, მაგრამ ყველა მზად ვართ დავუპირისპირდეთ ამ პრობლემებს, დავუპირისპირდეთ კონკრეტული საქმეებით და პროექტებით, რათა ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი, ვიდრე არის დღეს და იყო გუშინ“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ის და მისი გუნდი მზად არიან ემსახურონ ქალაქს.