თბილისი, 8 სექტემბერი − Sputnik. ჯაკარტა კვლავ მზად არის მოაწყოს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა G20-ის სამიტის ფარგლებში, რომელიც ნოემბერში გაიმართება, განაცხადა ინდონეზიის ელჩმა რუსეთში ხოსე ტავარესმა.
მისი თქმით, ეს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მოლაპარაკებების შესანიშნავი შანსია.
„ეს შესანიშნავი იქნებოდა. პლატფორმა არსებობს და კარგი იქნება, თუ ისინი ამ პლატფორმას გამოიყენებენ. ინდონეზია მზადაა ხელი შეუწყოს მათ ამ საკითხში", − განაცხადა ელჩმა.
ტავარესის თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის „გარკვეული ხნის წინ მოლაპარაკებები შეწყდა“.
„მაგრამ ინდონეზია მხარს უჭერს თურქეთის ძალისხმევას ადრე ჩატარებულ მოლაპარაკებებში. თუ [მხარეებს] სურთ გამოიყენონ G20-ის სამიტი შეხვედრისთვის, მაშინ რატომაც არა? ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა", − აღნიშნა ელჩმა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ინდონეზიაში G20-ის სამიტზე პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის წინაპირობები არ არსებობს.