თბილისში ტაქსის მძღოლებს „ბასლაინზე“ გაჩერების უფლება ექნებათ

თბილისში ტაქსის რეფორმა, რომლის ინიციატორიც კახა კალაძეა, 2018 წელს დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით დაამტკიცა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ცვლილებების თანახმად, ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებათ იმოძრაონ ან გაჩერდნენ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომის ან ჩამოსხმის მიზნით.
ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში კი სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.
თბილისში ტაქსის რეფორმა, რომლის ინიციატორიც კახა კალაძეა, 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე, 2019 წლის1 ოქტომბრიდან კი ძალაში შევიდა ტაქსების А და В კატეგორიებად დაყოფის ნორმა.
როგორც ადრე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში იგეგმება მგზავრებისთვის დამატებითი სიახლეების შემოღება.
აღნიშნულმა რეფორმამ ტაქსის მძღოლების ნაწილს შორის უკმაყოფილება გამოიწვია. მათ არაერთი საპროტესტო აქცია ჩაატარეს, თუმცა მერიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვის და დედაქალაქის ხელისუფლების მხრიდან რიგ დათმობებზე წასვლის შემდეგ მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიეს.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს