თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მილიარდერის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდის მიერ არის მოწყობილი, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
მანამდე ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა სანქციების სიაში შეიყვანა.
„ყველამ იცის, რომ ეს რეალურად სააკაშვილის გუნდია, რომელიც აქტიურობს და ცდილობს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ზიანი მიაყენოს… სააკაშვილს მოწმედ მოჰყავს ის თანაგუნდელები, რომლებსაც უკრაინაში თანამდებობები უკავიათ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
სააკაშვილის მმართველობის პერიოდის ჩინოვნიკები დღეს უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე არიან დანიშნული.
მაგალითად, გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილეა, ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი, ხოლო სააკაშვილი, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოში, კვლავ ხელმძღვანელობს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს.
„დეკანოიძემ დაადასტურა ის, რაზეც ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანი საუბრობს, რომ სინამდვილეში ეს დამაზიანებელი საინფორმაციო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ გახლავთ სწორედ მათი პარტიის მიერ ორგანიზებული. ამასთან დაადასტურა, რომ მას აქვს ჩაბარებული ეს საქმე. დეკანოიძემ აღიარა, რომ საქართველოს რეპუტაციის წინააღმდეგ მუშაობს", – განაცხადა თალაკვაძემ.
მიუხედავად ოპოზიციის ნაწილისა და უკრაინის წარმომადგენლების მრავალრიცხოვანი მოწოდებებისა, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა და ეს იმით ახსნა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, მმართველი გუნდი ოპოზიციონერებს ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს.
ამავე დროს, ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დონეზე და ამავე დროს იცავს საერთაშორისო სანქციებს.