მსოფლიო დღეს

გაზის დეფიციტი: მთავრობა მოსახლეობას ზამთარში გათბობის ზღვრულ ტემპერატურას უწესებს

Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი − Sputnik. ის მოქალაქეები, რომლებიც მთავრობის მიერ დაწესებულ გათბობის ნორმებს დაარღვევენ, დაჯარიმდებიან ან თავისუფლების აღკვეთით დაისჯებიან, აცხადებს გამოცემა Blick შვეიცარიის მთავრობაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, შვეიცარიის ხელისუფლება, თუ ქვეყანას ზამთარში ბუნებრივი აირის დეფიციტი შეექმნება, იმ შენობებში, რომლებიც გაზით თბება, ჰაერის ტემპერატურის ზღვრული ნორმის დაწესებას აპირებს.
როგორც Blick-ი წერს, მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებით, ოთახში ჰაერი მაქსიმუმ პლუს 19 გრადუსამდე შეიძლება გათბეს, ხოლო წყალი − მხოლოდ 60 გრადუსამდე.
ამასთან ქვეყნის მოსახლეობას ეკრძალება შენობებში გამათბობლების ჩართვა, ასევე საუნებისა და აუზების გათბობა.
აღნიშნული წესები არ შეეხება მხოლოდ საავადმყოფოებს, სამშობიაროებსა და მოხუცთა თავშესაფრებს.
დანარჩენ შემთხვევებში ყველა ის პირი, ვინც დადგენილ ნორმებს დაარღვევს, მაქსიმუმ 3 ათასი ფრანკით დაჯარიმდება, ან სამ წლამდე პატიმრობა შეეფარდება. რაც შეეხება კომპანიებს, მათი სასჯელი სავარაუდოდ კიდევ უფრო მკაცრი იქნება.
აღნიშნული შეზღუდვების მიზეზი ენერგეტიკული კრიზისია, რომელსაც ევროპა რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტის დაწყების ფონზე შეეჯახა.