თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. კახეთში „რთველი 2022“-ის ფარგლებში ყურძენი უკვე 1,4 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მოსავლის რეალიზაციის შედეგად ფერმერების შემოსავალმა 17 მლნ ლარს მიაღწია, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
7 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 22 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. აქედან 7,8 ათას ტონამდე „რქაწითელია“, 9 ათას ტონამდე „საფერავი“, 2 ათას ტონამდე კი „კახური მწვანე“. დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
კახეთის რეგიონში ყურძნის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, რომელმაც თელავში მევენახეებთან შეხვედრა გამართა.
„წელს ველოდებით 300 ათასამდე ტონა ყურძნის მოსავალს. ჩვენი ამოცანაა, მევენახებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ყურძნის ჩაბარების პროცესში. რთველის საკოორდინაციო შტაბი არის სრულად მობილიზებული იმისთვის, რომ რთველი შეფერხებების გარეშე წარიმართოს. მნიშვნელოვანია, რომ ღვინის საწარმოებში ჩაბარდეს კონდიციური, ხარისხიანი ყურძენი, რადგან სწორედ ხარისხიანი ყურძენი განსაზღვრავს ღვინის ხარისხს და შემდგომ მის კონკურენტუნარიანობას“, – განაცხადა ნოზაძემ.
რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 200-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში.
მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა წელსაც განხორციელდება.
საწარმო, რომელიც ფერმერისგან შეისყიდის 100 ტონამდე „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს, მიიღებს სუბსიდიას 35 თეთრის ოდენობით.
სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე-ფერმერი შეძლებს. წელს სახელმწიფოს ყურძნის სუბსიდირების პროგრამა დაახლოებით 150 მლნ ლარი დაუჯდება.
2022 წელს ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი რეკორდულია და 300 ათას ტონას შეადგენს.