თბილისი, 7 სექტემბერი − Sputnik. მოსკოვმა ყველაფერი გააკეთა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის, თუმცა ის გაიგზავნა არა განვითარებად ქვეყნებში, არამედ ევროპაში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
პუტინის თქმით, მარცვლეულით დატვირთული 87 გემიდან აფრიკაში მხოლოდ ორი გაემგზავრა, ამიტომ მიაჩნია, რომ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი უნდა შეიზღუდოს.
„ეს მხოლოდ 3%-ია იმისა, რაც განვითარებადი ქვეყნებისკენ იყო მიმართული. ბევრი ევროპული ქვეყანა ახლაც კოლონიზატორივით იქცევა, ისევე, როგორც იქცეოდა წინა ათწლეულებსა და საუკუნეებში. მათ კიდევ ერთხელ უბრალოდ მოატყუეს განვითარებადი ქვეყნები და განაგრძობენ მოტყუებას“, − მიაჩნია პუტინს.
რუსეთის პრეზიდენტის აზრით, „ამ მიდგომით მსოფლიოში სასურსათო პრობლემების მასშტაბები მხოლოდ გაიზრდება“, რასაც „უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფა მოჰყვება“.
„იქნებ ამ მარშრუტით მარცვლეულისა და სხვა სურსათის ექსპორტის შეზღუდვაზე დავფიქრდეთ. ამ თემაზე აუცილებლად გავივლი კონსულტაციას თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან“, − დაამატა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთმა და უკრაინამ თურქეთისა და გაეროს მონაწილეობით 22 ივლისს მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინის სამი პორტიდან − ოდესიდან, ჩერნომორსკიდან და იუჟნიდან მარცვლეულის ექსპორტზე. ამ გარიგების წყალობით აგვისტოს ბოლოსთვის უკრაინამ 1 მილიონი ტონა სურსათი გაიტანა უცხოეთში.