ამითაც არ დაკმაყოფილდა „ირანის მზე“, ასობით ათასი ქართველი ირანის უკაცრიელ ტერიტორიებზე გადაასახლა, დღევანდელ ფერეიდანში.
საოცარია, მაგრამ ქართველთა ამ უპირველესი მაოხრებლის კარზე არაერთი ჩვენებური მოღვაწეობდა, უფრო მეტიც, პირველკაცობდნენ კიდეც და იმ პერიოდის ირანის დიდებაში ლომის წილიც მიუძღოდათ. ამათ შორისაც იყვნენ გამორჩეულები. პირველ რიგში ეს უნდილაძეთა საგვარეულოს ეხება.
პირველი უნდილაძე, რომელიც ირანში გამოჩნდა, ალავერდი-ხანი იყო. თუ როგორ აღმოჩნდა ის სპარსეთში, ამის შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს. ერთი ვერსიით, ის ბავშვობაში მოიტაცეს და ტყვედ წაიყვანეს.
პირველი ბრძოლა, რომელშიც ალავერდი ხანმა თავი გამოიჩინა, ვანის ტბასთან მოხდა 1605 წელს. ბრძოლისას ისეთი მძიმე ვითარება შექმნილა, რომ თვით შაჰ აბასიც კი შემდრკალა. ამ დროს ჯარის მეთაურობა ხელში ალავერდი ხანს აუღია და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოუპოვებია. აქედან დაიწყო ალავერდი ხანის აღზევება შაჰის კარზე.
სწორედ მაშინ უთქვამს შაჰ აბასს, მთელი ირანი მე მემორჩილება, მე კი ალავერდი ხანს ვემორჩილებიო.
შაჰ აბასმა ალავერდი-ხანის წყალობით ბევრი ომი მოიგო და ამიტომაც მთავარსარდლობა უბოძა მას. ნიჭიერმა სარდალმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ოსმალეთთან ომში ბაჰრეინისა და ბაღდადის დაპყრობისას. მისი თაოსნობით ჩაეყარა საფუძველი ირანის არტილერიის შექმნასაც.
უნდილაძე იყო სეფიანთა დინასტიის პირველი მთავარსარდალი და ერთ-ერთი დიდი პროვინციის, ფარსის ბეგლარბეგი (გუბერნატორი). როგორც წესი, შაჰ აბასი ყველა პროვინციის გუბერნატორს ამოწმებდა, მაგრამ ფარსში ჩასვლა არასდროს უფიქრია — შაჰი უნდილაძეს უსაზღვროდ ენდობოდა და ისე უყვარდა, მამას უწოდებდა.
უნდილაძემ ირანში ბაზრები, ქარვასლები, სასახლეები, ხიდები, არხები და გზები ააგო. ერთ-ერთი ხიდი, რომელიც დღემდე ალავერდი ხანის სახელს ატარებს, დღესაც შესანიშნავად გამოიყურება და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
300 მეტრი სიგრძის ხიდს 33 თაღი აქვს. არსებობს ვერსია, რომ თაღების რაოდენობა ქართული ანბანის 33 ასოს შეესაბამება, რაც არ მგონია, სიმართლეს შეეფერებოდეს, რადგან იმ დროის ქართულ ანბანში 38 ასო იყო. ეს ან უბრალო დამთხვევაა, ანდა, გავბედავ და ქრისტეს ასაკს დავუკავშირებ.
სხვათა შორის, ალავერდი ხანსაც და მის ვაჟებსაც ქართველი მეუღლეები ჰყავდათ, რომლებიც აქტიურად მოღვაწეობდნენ მათ მხარდამხარ. ცენტრალურ ირანში გზები სწორედ ალავერდი ხანის მეუღლის თაოსნობით გაუყვანიათ.
საინტერესოა, რომ ბევრი მოგზაური თუ ისტორიკოსი ჩანაწერებში ალავერდი ხანსაც ახსენებს და მის შვილებსაც − იმამ ყული ხანსა და დაუდ ხანს, მაგრამ არცერთი არ უთითებს მათ გვარს. მხოლოდ ქართული წყაროები იუწყებიან, რომ ალავერდი ხანიც, დაუდ ხანიცა და იმამ ყული ხანიც უნდილაძეები იყვნენ.
აღსანიშნავია ერთი დეტალი: ალავერდი ხანი 1613 წლის 3 ივნისს გარდაიცვალა, 1613 წლის ოქტომბერში კი შაჰმა საქართველოზე გამოილაშქრა, რასაც მანამდე ძალიან ეწინააღმდეგებოდა ალავერდი ხანი. ეს კარგად ჩანს დე სენ-ლაზარის წიგნში, რომელიც 1635 წელს გამოიცა პარიზში და რომელიც ირანში მის მოგზაურობას ასახავს. აი, რას ბრძანებს ფრანგი მისიონერი:
„შაჰი მეტად განრისხებული იყო. შირაზის ხანი, სახელად ალავერდი და მისი ჰარამხანის მეთვალყურე და მაღალი ხელისუფლებით აღჭურვილი ყორჩიბაში შეეცადნენ უარი ეთქმევინებინათ შაჰისათვის გადაწყვეტილებაზე, პირადად წასულიყო ქართველების წინააღმდეგ სალაშქროდ. ამის გამო ირანის შაჰის რისხვას ვერ გადაურჩნენ: შაჰმა ბრძანა, ალავერდი ხანი მოეწამლათ (იგი მოწამლეს). მან სიკვდილის წინ გამწარებულმა ხელები დაუკბინა ცოლს. ყორჩიბაში კი შაჰის ბრძანებით გაროზგეს“.
შაჰ აბას I-ის ბრძანებით ალავერდი ხანი დიდი პატივით დაკრძალეს მეშჰედში. მამის სიკვდილის შემდეგ იმამ ყული-ხანმა ფარსის ბეგლარბეგობა მიიღო, ხოლო უმცროსმა, დაუდ-ხანმა − ყარაბაღისა. როგორც ჩანს, შაჰმა ალავერდი ხანის შვილები იმ მოტივით დააწინაურა, რომ მამის სიკვდილს არეულობა არ გამოეწვია სამეფო კარზე.
1633 წელს იმამ ყული ხანმა ძმასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ირანის ახალი შაჰის წინააღმდეგ თეიმურაზ პირველის მიერ მოწყობილ აჯანყებაში, რის გამოც ის სიკვდილით დასაჯეს. იგივე ბედი ეწია ალავერდი ხანის ყველა შთამომავალს.
როგორც ირანელი ისტორიკოსები აღნიშნავენ, უნდილაძეთა გვარის ამოძირკვის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გიორგი სააკაძის გამოზრდილი ხოსრო მირზა, ქართლის მომავალი მეფე როსტომ ხანი იყო. თუმცა, ეს უკვე სხვა ისტორიაა და მის შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ…