ისტორიული მაქსიმუმი: რამდენ მგზავრს მოემსახურა აგვისტოში ქუთაისის აეროპორტი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.
Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ისტორიულად ყველაზე მეტ რეისსა და მგზავრს მოემსახურა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
2022 წლის აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 27%-ით გაიზარდა.

„2022 წლის აგვისტოს თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ისტორიულად ყველაზე მეტს რეისსა და მგზავრს მოემსახურა“, – ნათქვამია გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2022 წლის აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით 111.566-მა მგზავრმა ისარგებლა, 2019 წლის აგვისტოში კი მათმა რაოდენობამ 87.969 შეადგინა.
გაერთიანების ინფორმაციით, მგზავრთნაკადის გარდა, აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დინამიკამ ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხითაც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. აგვისტოში აეროპორტში რეისების რაოდენობა 64%-ით გაიზარდა და ის 450 რეისს მოემსახურა (2019 წლის აგვისტოში – 274 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის თქმით, კომპანიის პოზიტიური მოლოდინები საჰაერო დინამიკის ზრდის კუთხით კვლავ გამართლდა. მან ამ წარმატების მიზეზებზეც ისაუბრა.

„ეს არის ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ ჩვენს აეროპორტში მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაბრუნებისა და ინდური ავიაკომპანია Spice jet-ის მიერ რეგულარული ჩარტერული რეისების დამატების შედეგი. ამ სიახლეებმა ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადისა და რეისების ზრდას შეუწყო ხელი“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს