ევროპის ცენტრი საქართველოს ნარკოტიკების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში დაეხმარება

შეთანხმება ითვალისწინებს ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სოციალური ზიანის საპასუხო მექანიზმების თაობაზე გამოცდილების გაზიარებას.
Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრმა (EMCDDA) ხელი მოაწერეს სამუშაო შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას, ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შესაძლებლობათა გაძლიერებასა და მონაცემთა შეგროვების სისტემის მხარდაჭერას, ნათქვამია სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება წარმოადგენს ევროკავშირის სააგენტოებთან სექტორული თანამშრომლობის ნათელ მაგალითს და ის ხელს შეუწყობს ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესს.
ამასთან, შეთანხმება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ჯანმრთელობისა და სოციალური ზიანის საპასუხო მექანიზმების თაობაზე გამოცდილების გაზიარების, გადამდები დაავადებების პრევენციისა და ზიანის შემცირების მიმართულებების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ გამოცდილების გაზიარება და ნარკოტიკების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნა მხარეთა შორის თანამშრომლობის დამატებითი საკვანძო მიმართულებაა.
როგორც იუსტიციის სამინისტროში აღნიშნავენ, EMCDDA-სა და საქართველოს შორის მჭიდრო სექტორული თანამშრომლობა უკვე წლებია გრძელდება და ევროპულ სააგენტოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ჰუმანური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის ხელშეწყობისა და განვითარების მიმართულებით.
საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი 2020 წლის იანვარში იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა და ის EMCDDA-ს ანალოგია ეროვნულ დონეზე, რომელიც ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების შესწავლის, შეფასებისა და მტკიცებულებების ანალიზის ხელშეწყობას ემსახურება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს