საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და ათას-ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდათ.
Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. „სარფის“, „სადახლოს“ და „კარწახის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს, ირანის, თურქეთისა და სომხეთის რესპუბლიკების მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში 43.280 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, კანონდამრღვევებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა დაეკისრათ ათას-ათასი ლარის ოდენობით.