გუშინ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მატჩი გამართა. Eurobascket-2022-ის A ჯგუფის შეხვედრაში საქართველომ თურქეთი 88:83 დაამარცხა. თამაშის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა წევრი რატი ანდრონიკაშვილი იყო.
რატი 2020 წლიდან აშშ-ის სტუდენტური ლიგის „კრეიტონში“ თამაშობს, თუმცა კლუბში გადასვლიდან ძალიან მალე მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მისი დებიუტი ხანგრძლივი ვადით გადაიდო და თამაშს მხოლოდ 2021 წლის ნოემბერში დაუბრუნდა.
ამომავალი ვარსკვლავი, რომელსაც გულშემატკივრები კალათბურთის ხვიჩა კვარაცხელიასაც უწოდებენ, 2001 წლის 19 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა 35-ე საჯარო სკოლა. სიმაღლეში 193 სმ-ია. ანდრონიკაშვილი საქართველოს როგორც 18-წლამდელთა ნაკრების, ასევე 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრების წევრი იყო.
რატის ინგლისურენოვან დოსიეში ვკითხულობთ, რომ ჰყავს მშობლები და და-ძმა, ტეზი და ბორისი. კარიერის მიზანია იყოს საუკეთესო, რაც კი შესაძლებელია. მისი საყვარელი სპორტსმენი ნოვაკ ჯოკოვიჩია. სჯერა, რომ ბრედ პიტი მას ფილმში ათამაშებს, ოცნების ვახშამზე კი სტუმრად ჯიმ კერის მოიწვევდა.
რატი ანდრონიკაშვილი ოთხ ენაზე საუბრობს – ქართულად, ინგლისურად, რუსულად და ესპანურად. მისი შთაგონება ბაბუაა. საყვარელი სუპერგმირი კი „სპაიდერმენი“. რატი ამჟამად შტატებში ცხოვრობს. ჰყავს ქართველი შეყვარებული ელენე შელია, რომელიც ცნობილი ოჯახის შვილია. ელენეს მამა ყოფილი ფეხბურთელი მურთაზ შელიაა, დედა კი მოდელი ლიკა კვარაცხელია. ელენეს და - ანა შელია მორაგბე ლაშა ლომიძეზეა დაქორწინებული, ეს წყვილი საფრანგეთში ცხოვრობს.
ელენე შელიასა და რატი ანდრონიკაშვილს სოციალურ ქსელში ერთად გადაღებული არაერთი ფოტო აქვთ გამოქვეყნებული. როდესაც ახერხებს, შეყვარებული ქალი ყოველთვის ესწრება საყვარელი ადამიანის მატჩებს.