მუქარა და თანხის გამოძალვა - პოლიციამ წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა

დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. პოლიციამ თბილისში გამოძალვის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 40 წლის მამაკაცმა ერთ-ერთ მოქალაქეს მისი ახლობლის დიდი ოდენობით ვალის გადახდა მოსთხოვა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრა. აღნიშნულის შემდეგ მოქალაქემ ბრალდებულს მოთხოვნილი თანხის ნაწილი გადასცა.
ბრალდებული დაზარალებულს ტელეფონით რამდენჯერმე დაუკავშირდა და ძალადობის გამოყენების მუქარით დარჩენილი თანხის გადახდა მოსთხოვა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი დაზარალებულის მიერ დარჩენილი თანხის გადაცემის შემდეგ დააკავეს.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გამოძალვას გულისხმობს. დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.