ქმარმა ცოლი სანადირო თოფით თავში დაჭრა: რა მოხდა კახეთში

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის მკვიდრი, 27 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლე სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში დაჭრა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე „ცხელ კვალზე“ დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი, სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.