თბილისი, 5 სექტემბერი − Sputnik. დიდი ბრიტანეთის კონსერვატორული პარტიის შიდაპარტიული კენჭისყრის შედეგები დღეს, 5 სექტემბერს გახდება ცნობილი, რომელიც ბორის ჯონსონის მემკვიდრეს გამოავლენს როგორც პარტიის თავმჯდომარის, ისე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
როგორც მოსალოდნელია, მთავრობის მეთაური, სავარაუდოდ, თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი ლიზ ტრასი გახდება, რომელიც მესამე ქალი-პრემიერი იქნება ბრიტანეთისთვის. მისმა კონკურენტმა რიში სუნაკმა უკვე მიანიშნა, რომ დამარცხებას აღიარებს. სუნაკის თქმით, მისი ამჟამინდელი მიზანი ახალი მთავრობის მხარდაჭერაა.
აღსანიშნავია, რომ ტრასის წინასაარჩევნო კამპანია გადასახადების შემცირებას ეფუძნებოდა. ექსპერტების თქმით, პრემიერად არჩევის შემთხვევაში ტრასი საგარეო პოლიტიკის ასპარეზზე წინამორბედის პოლიტიკას განაგრძობს, რაც უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო კოალიციის ლიდერობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, 6 სექტემბერს ბორის ჯონსონი და მისი მემკვიდრე დედოფალს შეხვდებიან. პირველად ელისაბედ II-ის მეფობის ისტორიაში აუდიენცია გაიმართება არა ბუკინგემის სასახლეში, არამედ შოტლანდიის ციხე-სიმაგრე ბალმორალში. ამის მიზეზი დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.