თბილისი, 5 სექტემბერი − Sputnik. ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში რუსეთის საელჩოს მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის ორი მოქალაქე დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ერთი საელჩოს დაცვის წევრია, მეორე კი დიპლომატი.
სააგენტოს წყაროს თქმით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც დიპლომატიური მისიის თანამშრომელი ვიზის მიღების მსურველებთან შესახვედრად გავიდა ეზოში, რათა მათთვის პრეტენდენტების ვინაობა დაესახელებინა.
„აფეთქების გამო ოცამდე ადამიანია დაღუპული და დაშავებული“, − აცხადებს სააგენტოს წყარო.
Reuters-ის ინფორმაციით, რომელიც ქაბულის პოლიციას ეყრდნობა, თვითმკვლელი ტერორისტი საელჩოს შენობასთან მიახლოებას ცდილობდა, მაგრამ ის დიპლომატიური მისიის დაცვამ მოკლა. თუმცა აფეთქება მაინც მოხდა.
ავღანეთის ძალოვან სტრუქტურებს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.