სოფელ შილდაში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაციაც ჩაერთო: როგორი სიტუაციაა ადგილზე

ყვარლის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარს მეოთხე დღეა ებრძვიან
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. უკვე მეოთხე დღეა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მეხანძრე-მაშველები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.
სოფელ შილდაში 1 სექტემბერს გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება, ადგილზე ხანძრის ღია კერებია. ცეცხლი დაახლოებით 10 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. ხანძრის გაღვივებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.
ხანძრის ქრობის სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს. მათთან ერთად სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ავიაცია და ყველა შესაბამისი სამსახური.
„24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სოფელ შილდის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის კერებამდე მოხერხდა წყლის მიყვანა. ასევე, მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს გზების გაჭრა“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა სეფიაშვილმა.
ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართულია თავდაცვის ძალების მე-20 ბრიგადის პირადი შემადგენლობა 201-ე, 202-ე ბატალიონების რეზერვისტთა პირადი შემადგენლობაც.
„ორივე ბატალიონი ჯგუფებადაა დაყოფილი და ცეცხლის კერებთან უშუალოდ ჯგუფებად შევდივართ. არის ძალიან ბევრი კერა, მიუვალი ადგილებია, საკმაოდ მძიმე რელიეფია. მეხანძრე-მაშველების ტექნიკა მობილიზებულია, ჩვენი რეზერვისტები მოტივირებულები არიან“, - განაცხადა ეროვნული გვარდიის მეთაურმა რომან ჯოხაძემ.
როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა განაცხადა, რელიეფის სირთულიდან გამომდინარე საჭირო გახდა დამატებითი ცოცხალი ძალის შეყვანა, ასევე მძიმე ტექნიკის მობილიზება.
„მძიმე ტექნიკის მობილიზება განპირობებულია იმით, რომ ტყეში მოხერხდეს გზების გაყვანა, რათა არ გავრცელდეს ხანძარი. ვერტმფრენი ჩართულია ისეთ ლოკაციებში, სადაც აქტიურად ვერ ხერხდება ცოცხალი ძალის შესვლა. ყველა უწყება მობილიზებულია ადგილზე და მიმდინარეობს სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები“, - განაცხადა ზაუტაშვილმა.
ხანძრის ქრობის პროცესში მონაწილეობას საკუთარი სურვილით მოხალისეებიც იღებენ.