საეკლესიო კალენდარი: 4 სექტემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 4 სექტემბერს ღვთისმშობლის ივერიისად წოდებული ხატის დღესასწაულს აღნიშნავს.
Sputnik
ამ დღეს მორწმუნენი იხსენიებენ, მოწამეთა: აგათონიკეს, ზოტიკეს, თეოპრეპეს, აკვინდინეს, სევერიანეს და სხვათა, მოწამე ევლალია ქალწულს, მღვდელმოწამე ათანასე ეპისკოპოსს, ღირს ანთუსას და მსახურთა მისთა, მოწამეთა ქარისიმეს და ნეოფიტეს
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
ღვთისმშობლის ხატი, ივერიისად წოდებული (ქართული)
ივერიისად წოდებული ქართული ღვთისმშობლის ხატის დღესაწაული, რომელიც მოსკოვს, ალექსი მიტროპოლიტის მონასტერში 1650 წლიდან იმყოფება, ჯერ კიდევ მე–17 საუკუნიდან აღინიშნება.
როგორ აღმოჩნდა ქართული ხატი მოსკოვში
1612-1617 წლებში ირანის ძლევამოსილი ხელმწიფე, შაჰი-აბას I ოთხჯერ შემოესია კახეთის სამეფოს და თითქმის სრულიად ააოხრა. კახეთმა თავისი მოსახლეობის ორი მესამედი დაკარგა. ამ შემოსევების დროს ეკლესია-მონასტრები შემუსრეს და მათში დაცული სიწმინდეები ზოგი გარყვნეს და ზოგიც - ირანს გაიტაცეს. მათ შორის იყო ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიც. ეს ხატი შაჰის კარის მოხელემ ისპაჰანს მყოფ რუს ვაჭარს, სტეფანე ლაზარევს, მიჰყიდა.
საეკლესიო კალენდარი: 2 სექტემბერი
იმავე დროს, იაროსლავში დიდვაჭარს, გიორგი (გრიგორი) ლიტკინს, რომლის სავაჭრო საქმეებზეც იყო სტეფანე სპარსეთში წასული, ძილში ღმრთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მალე ჩამოვიდოდა სტეფანე ძვირფასი ხატით, რომელიც უნდა წარეგზავნა არხანგელსკის ეპარქიაში, 1603 წელს დაარსებულ ჩერნიგორის მამათა მონასტერში. შემდგომში მონასტერს სახელი შეუცვალეს და კრასნოგორის მონასტერი უწოდეს. ამ ხილვით განცვიფრებულმა გიორგიმ ხატის მოსალოდნელი ჩამობრძანების ამბავი პატრიარქს აუწყა. 1623 წ. სტეფანე ლაზარევი რუსეთში დაბრუნდა და ძვირფასი ხატი პატრონს მიართვა.
ხატის მიერ მოხდენილი სასწაულები
როდესაც გიორგიმ ხატი ჩერნიგორის სავანეში დიდი პატივით გადააბრძანა, ხატმა მაშინვე მოახდინა დიდი სასწაული: ბრმა და ყრუ ბერს, პიტირიმს, რომელიც ხატის წინ ლოცულობდა, თვალები აუხილა და სმენა აღუდგინა. პირველ სასწაულს სხვა მრავალიც მოჰყვა და ხატმა მთელ რუსეთში გაითქვა სახელი.
ალექსი მიხეილის ძის მეფობის დროს (1645-1676 წწ) ხატს მოსალოცად დააბრძანებდენ რუსეთის სხვადასხვა მხარეში. 1654 წელს მოსკოვში შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა. კრასნოგორის მონასტრიდან ხატი მოსკოვში წააბრძანეს და ახლადაშენებულ სამების ტაძარში დააბრძანეს. ხატის წინ ჩატარებული სავედრებელი ლოცვის შემდეგ გაბრიელ ევდოკიმოვის შვილი, რომელიც შავი ჭირისაგან დასნებოვნებული სიკვდილს ებრძოდა, სრულიად განიკურნა. ამ სასწაულებრივი განკუნების სამადლობელოდ კრემლის ხატმწერებმა გააკეთეს ზუსტი ასლი, რომელიც სამების ტაძარში დარჩა. ამ ასლიდანაც ურიცხვი სასწაული აღესრულებოდა. მოსკოველ ვაჭარს სტეფანოვს, რომელიც შავი ჭირის ეპიდემიის დროს მხურვალედ ევედრებოდა ღმრთისმშობელს ოჯახის გადარჩენას, სამჯერ გამოეცხადა ძილში და უთხრა: „წადი და ილოცე ღმრთისმშობლის ქართულ ხატთან, რომელიც სამების ტაძარშია და დაცული იქნებითო“. ამით დაიმედებულმა ვაჭარმა, ოჯახი მოსკოვიდან აღარ გაიყვანა და მხურვალე ლოცვა დაიწყო ქართულ ხატთან. მართლაც, მისი ოჯახი გადარჩა.
ყაზანის ეპისკოპოსმა ლავრენტიმაც დააწერინა კრასნოგორსკის ქართული ხატის ასლი და მით ახლად დაარსებული რაიფის მამათა სავანე დალოცა. შემდგომმა სასწაულებმა უბიძგა ნოვგოროდის მიტროპოლიტ ნიკონს (შემდგომში რუსეთის პატრიარქს), გამოეკვლია ეს სასწაულები და 1658 წელს ხატის დღესასწაულად, მისი რუსეთში ჩაბრძანების დღე, ძველი სტილით 22 აგვისტო დაადგინა ამ დროიდან ყოველ წელს ხატს დიდი პატივით მიაბრძანებდენ არხანგელსკში ხალხის საკურნებლად, შემდეგ კი კვლავ მონასტერში მიაბრძანებდენ.
საეკლესიო კალენდარი: 1 სექტემბერი
ამ ოთხი საუკუნის განმავლობაში რუსეთში ქართული ხატის ოცამდე ასლი დაიწერა, რაც მისდამი დიდ სიყვარულსა და პატივისცემაზე მეტყველებს.
საქართველოშიც დაიწერა ქართული ხატის რამდენიმე ასლი. 1904 წელს ღვთისმშობლის ქართული ხატის გაბრწყინების 250 წლისთავთან დაკავშირებით ყოვლადწმიდა სამების ტაძრის ქვედა ნაწილში მოეწყო ეკლესია ამ ხატის პატივად და სიწმინდე მის კანკელში დააბრძანეს.
წმიდა მოწამენი: აღათონიკე, ზოტიკე, თეოპრეპე, აკვინდინე, სევერიანე, ზენონი და სხვანი
აღათონიკე, ზოტიკე, თეოპრეპე, აკვინდინე, სევერიანე, ზენონი და სხვანი იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის.
წმიდა მოწამე ევლალია ქალწული
წმიდა მოწამე ევლალია დაიბადა ესპანეთში, ქალაქ ბარკიონის (დღევანდელი ბარსელონა) მახლობლად. მშობლებმა იგი ქრისტეს სარწმუნოებით და კეთილმსახურებით აღზარდეს. თოთხმეტი წლის ასაკიდან ქალწული მშობლიურ სახლში განმარტოებით ცხოვრობდა და თანატოლებთან ერთად ლოცვით, წმიდა წერილის კითხვითა და ხელსაქმით იყო დაკავებული. იმპერატორების, დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს ქალაქ ბარკიონში მმართველი დაკიანე ჩავიდა მართლმორწმუნეების ამოსაჟლეტად. ეს რომ გაიგო, ევლალია ღამით ფარულად გავიდა სახლიდან და დილით უკვე ქალაქში იყო. გოგონამ გაჭირვებით გააღწია შეკრებილ ბრბოში და ამხილა მსაჯული, რომელიც ხალხს ჭეშმარიტი ღმერთის გმობას და ეშმაკებისთვის მსხვერპლის შეწირვას აიძულებდა. დაკიანემ ბრძებით ქალწული ხეზე დაკიდეს, გაატყავეს და ცეცხლით დაუწყეს წამება. ნეტარი ევლალია მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მიეღო მისი სული და ამ ლოცვაში აღესრულა კიდეც.
საეკლესიო კალენდარი: 31 აგვისტო
მღვდელმოწამე ათანასე ეპისკოპოსი, ღირსი ანთუსა და მსახურნი მისნი
მღვდელმოწამე ათანასეს, კილიკიის ტარსოსის ეპისკოპოსს, რომელმაც ნათელსცა ღირს ანთუსას, იმპერატორ ავრელიანეს (270-275) მეფობაში მოჰკვეთეს თავი.
ანთუსა სირიის ქალაქ სელევკიაში მცხოვრები დიდგვაროვანი წარმართების ასული იყო. როცა ქრისტეს სწავლებას გაეცნო, იგი თავისი ძიძის მონახულების საბაბით მღვდელმთავარ ათანასესთან გაემგზავრა და მოინათლა. მშობლები საშინლად განარისხა ასულის ქრისტიანობაზე მოქცევამ. მაშინ ნეტარი წმიდა ათანასეს ხელით მონაზვნად აღიკვეცა და უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ. ქრისტეს მხევალი აქ ოცდასამი წელი მოღვაწეობდა, ბოლოს კი, III საუკუნის მიწურულს, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
ღირს ანთუსასთან ერთად მოინათლნენ მისი მსახურები - ქარისიმე და ნეოფიტე, რომელთაც მოწამეობრივად დაასრულეს სიცოცხლე.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით