ჩოხატაურში ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველოში ხანძრებს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე რეგიონში ებრძვიან.
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზემო ხეთის თემში არსებული ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ცეცხლი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თხილაგანის მიმართულებით ტყეში გუშინ საღამოს გაჩნდა.
სამაშველო ტექნიკამ ადგილზე მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც 50-ზე მეტი მაშველი რამდენიმე საათის განმავლობაში ცოცხალი ძალებით ებრძოდა ხანძარს.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამაშველო სამსახურთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც იყო ჩართული.
გავრცელებული ინფორმაციით, დაიწვა 5 ჰექტრამდე ტერიტორია. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
საქართველოში ხანძრებს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე რეგიონში ებრძვიან. სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალები და მოხალისეები მონაწილეობენ.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.