თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში მეხანძრე-მაშველები რამდენიმე ლოკაციაზე ცეცხლს ებრძვიან, სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალები და მოხალისეები მონაწილეობენ.
ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა ნაფეტვრების ტყეში - ცეცხლი ბალახის საფარსა და ხეებს უკიდია. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ხანძარი დასახლებული პუნქტისგან შორს არის გავრცელებული.
ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ახორციელებენ. ტყეში ცეცხლის რამდენიმე კერაა.
ამ საღამოს ხანძარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც გაჩნდა. ცეცხლი ზემოხეთის თემში, თხილაგანის მიმართულებით, ტყეს უკიდია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამაშველო სამსახურთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც არის ჩართული. ადგილზე ელოდებიან მეხანძრე-მაშველებს მეზობელი მუნიციპალიტეტებიდანაც. ადგილობრივების თქმით, ხანძარი შესაძლოა ადამიანების დაუდევრობამ გამოიწვია.
მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან ზემო სვანეთშიც, ლატალის და ფარის თემში. ცეცხლი მიუვალ ადგილზეა გაჩენილი და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ცეცხლის ქრობის პროცესში დილიდან ჩართული იყო ავიაცია.
მესტიის გამგებლის, კახა ჟორჟოლიანის თქმით, ხანძრის სავარაუდოდ მიზეზი ხეებზე მეხის დაცემა გახდა.
„ზუგდიდიდან საგანგებო სიტუაციების სამსახურია ამოსული, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ქრობის პროცესში ასევე ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. ტექნიკა ვერ უდგება ვერანაირად“, -განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ხანძარს ასევე კახეთში ებრძვიან. ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში 1 სექტემბერს გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება, ადგილზე ხანძრის ღია კერებია. ცეცხლი დაახლოებით 10 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
ხანძრის ქრობის პროცესში მონაწილეობას საკუთარი სურვილით მოხალისეებიც იღებენ.
გარდა ამისა, უკვე დასრულებულია გზის გაჭრა და ცოტა ხანში, სტიქიის ზონაში შესვლას დაიწყებს სპეციალური ტექნიკა და ცოცხალ ძალასთან ერთად ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება. ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში აქტიურად მუშაობდა ავიაცია.
„ხეებს არ უკიდია ცეცხლი, საბედნიეროდ, დიდი ხეები რაც არის, ნედლი ხეები ალბათ 50-60% გადარჩება. ძირითადად, ფოთოლს უკიდია და ძველი ნაყარი ხეები რაც იყო", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ყვარელში ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთო.
„სამხედრო მოსამსახურეები და რეზერვისტები ხანძრის ქრობის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებთან აქტიურ კოორდინაციაში ახორციელებენ. რეზერვისტებსა და პირად შემადგენლობას გავლილი აქვს კრიზისებზე რეაგირების სპეციალური მოსამზადებელი კურსი და აღჭურვილია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ინვენტარით“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რაც შეეხება ბორჯომში 19 აგვისტოს გაჩენილ ხანძარს, უწყების ცნობით, ამ დროისთვის ყველა კერა ლიკვიდირებულია, ადგილზე მხრჩოლავი კერების მონიტორინგი მიმდინარეობს. ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც.
ბორჯომში რთული რელიეფისა და ამინდის გამო, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 250-მდე მეხანძრე-მაშველი და სამი ვერტმფრენი იყო ჩართული. ხანძრის ქრობაში თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავებიც მონაწილეობდნენ.