თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის მატჩებთან (3 და 6 სექტემბერს) დაკავშირებით უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილები შეცვლილი სქემით გადაადგილდებიან.
ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი 1 სექტემბერს ევროპის ერთდროულად ოთხ ქალაქში – კიოლნში, პრაღაში, მილანსა და თბილისში დაიწყო.
კერძოდ, 3 სექტემბერს 11:00-დან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე, 6 სექტემბერს 11:00-დან 7 სექტემბრის 00:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ ერთი მიმართულებით.
ავტომობილები უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილის ქუჩიდან პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით. პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა, უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ.
ავტომობილების მძღოლები პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეძლებენ ყაზბეგის გამზირის, ქავთარაძისა და თამარაშვილის ქუჩების საშუალებით.
უნივერსიტეტის ქუჩიდან მოძრაობა დასაშვები იქნება დანელიას ქუჩის მიმართულებით, ხოლო დანელიას ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.
მერიის ცნობით, შეზღუდვა არ ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ის დადგენილი სქემით იმოძრავებს.