თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან, ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებაში, რომელსაც მთავრობის მეთაურმა უკვე მოაწერა ხელი.
„ყვარლის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები", — აღნიშნულია პრემიერის ბრძანებაში.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში ცეცხლი გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ალპურ ზონასთან ახლოს ფოთლოვანი ხის ქვედა საფარს უკიდია.
ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. თუმცა რთული რელიეფის გამო ხანძრის ტერიტორიაზე ვერ ხერხდება სპეციალური ტექნიკის მიყვანა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და გახდება თუ არა ავიაციის ჩართვა საჭირო, ამ ეტაპზე უცნობია.
ქართველი სინოპტიკოსების პროგნოზით, კვირის ბოლომდე საქართველოს ტერიტორიაზე უნალექო ამინდი და 40-გრადუსიანი სიცხეა მოსალოდნელი.