სასამართლოს მოგების შემთხვევაში რაში დახარჯავს თბილისის მერი მიღებულ თანხას

20 ივნისს კალაძემ ცილისწამების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ოპოზიციური ტელეკომპანიის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „TV პირველის“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავის მოგების შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მიღებულ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს.
კალაძე ტელეკომპანიისგან და ჟურნალისტ მაია მამულაშვილისგან საჯაროდ გავრცელებული დეზინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას – 100 ათასი ლარის გადახდას ითხოვს.

„მე ვითმენ ძალიან ბევრ სიბინძურეს, ბევრ ცილისწამებას, შეურაცხყოფას. შესაბამისად, ყველაფერი სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს. კონკრეტულ ჟურნალისტს მოუწევს მტკიცებულების წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რაც ეთერში ითქვა... რაც შეეხება თანხას, თუ მას მივიღებთ, ის მიმართული იქნება ოჯახებისკენ, ადამიანებისკენ, რომლებსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

საქმე ეხება 2022 წლის 5 ივნისს ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში მაია მამულაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო“. წამყვანის თქმით, ეს ოფიციალური ინფორმაციაა.
20 ივნისს კალაძემ ცილისწამების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.