თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. ველოდებით, რომ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკომისია ადეკვატურად და პოზიტიურად შეაფასებს, განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც ბრიუსელში იმყოფება ვიზიტით.
ევროკავშირის საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ივნისში მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით თავი შეიკავა. ამასთან, აღიარა რა მისი ევროპული პერსპექტივა, საბჭო მზადაა მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ჩვენი ქვეყანა დასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს.
ბოჭორიშვილის შეფასებით, საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით მაშინ გადაწყვეტილება საკმაოდ სწრაფად მიიღეს.
„ივნისში გადაწყვეტილება მხოლოდ ნაწილობრივი შეფასების საფუძველზე მიიღეს. სრულყოფილად არცერთი ქვეყანა არ შეუფასებიათ. ევროკომისია კვლავ განაგრძობს შევსებულ კითხვარებზე მუშაობას და შეფასებებს გამოაქვეყნებს“, — განაცხადა მან.
ბოჭორიშვილს იმედი აქვს, რომ სამივე ქვეყნის შესახებ ანგარიშები წლის ბოლომდე მომზადდება, რითაც შეფასდება კიდეც საქართველოს კანონმდებლობის თანხვედრა ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
მაკა ბოჭორიშვილის ბრიუსელში ვიზიტის მიზანი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხების, მათ შორის, ევროკომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის განხილვაა. ბრიუსელში ამ მიზნით ასევე იმყოფება საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წევრი ირაკლი ჩიქოვანი.
ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ საქართველოსთვის „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭების გადაწყვეტილება უკვე წარმატებაა, ხოლო ხელისუფლება მზადაა შეასრულოს ყველა ის ამოცანა, რომელიც ქვეყანას დაუსახეს სტატუსის მოსაპოვებლად. როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.