თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე იმედს გამოთქვამს, რომ პეტრე მელიქიშვილის გამზირი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის 19 სექტემბრისთვის გაიხსნება.
მელიქიშვილის გამზირის განახლების მასშტაბური პროექტის ფარგლებში აღნიშნული ქუჩა 17 ივნისს ჩაიკეტა. შესაბამისად, შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. პროექტის განხორციელების პერიოდში ვარაზისხევი და კოსტავას ქუჩა ორმხრივი გახდა.
კალაძის თქმით, ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, ფაქტობრივად, დასრულებულია.
„შემდეგ ეტაპზე ჩაიკეტება და სამუშაოები დაიწყება გზის იმ ნაწილზე, სადაც ამჟამად ავტოსაგზაო მოძრაობაა. ყველა სამუშაო გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია... დარწმუნებული ვარ, როდესაც მთლიანად დავამთავრებთ სამუშაოებს, ძალიან ეფექტური გამოვა“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მთლიანად იცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, განახლდება წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზმომარაგების მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება და დამონტაჟდება განათების ქსელი LED სანათებით. მოეწყობა ტროტუარები, მოსაცდელები, საავტობუსო ზოლები და ველობილიკი.
ასევე დამონტაჟდება მიწისქვეშა ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6,4 მლნ ლარით ფინანსდება.