აშშ-ის ელჩის მისამართით კრიტიკა შერბილდა? შეფასებები პრემიერის განცხადებაზე

გაუგებრობები წარსულში უნდა დარჩეს, აცხადებენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“.
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ თავისი სტრატეგიული პარტნიორის მისამართით რიტორიკა შეარბილა, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა, ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა.
გუშინ პრემიერმა ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის მისამართით ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკულ წერილებთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურის თქმით, პოლემიკის შემდგომი განვრცობა და გაღრმავება ქვეყნის ინტერესებში არ შედის. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი პოლემიკით საქართველო აშშ-თან ურთიერთობებს კი არ გააძლიერებს, არამედ დაასუსტებს.

„პრემიერ-მინისტრის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ როგორც მივხვდი, ამ ოთხეულმა თავისი თავი ამოწურა... თავიდანვე უარყოფითად ვაფასებდი მათ გამოსვლებს და კარგი იქნება, თუ ამას წერტილი დაესმება და სტრატეგიული პარტნიორის მიმართ მეტი პატივისცემა იქნება გამოხატული. მთლიანობაში, ველოდები რიტორიკის შერბილებას. პრემიერის გუშინდელი განცხადება ამას ნიშნავდა“, – განაცხადა იოსელიანმა.

ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველოს არანაირი შედეგი არ მოუტანა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ მისი შეცვლა გადაწყვიტა, განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ.
„როდესაც ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, რომელიც საგარეო დახმარებაზეა დამოკიდებული, ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მტრული მოქმედებაა“, – განაცხადა მანჯგალაძემ ბრიფინგზე.
„ოთხეულის“ ღია ანტიდასავლური და ანტიამერიკული ნარატივი კატასტროფას წარმოადგენს, განაცხადა ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა.
„თუმცა, ჩვენ ყველა ვხვდებით, რომ ეს მათი გადაწყვეტილება არაა. ყველაფერი „ქართული ოცნების“ რეალური ხელმძღვანელისგან მომდინარეობს... ჩემთვის ეს შოუ და ფარსი ცოტათი დაუჯერებელია – ერთი ხელით ერთს აკეთებენ, მეორეთი კი საწინააღმდეგოს. ეს ჩემთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
რას ამბობენ „ქართულ ოცნებაში“
პრემიერის განცხადება შეაფასეს მმართველ პარტიაშიც. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ღრმად მწამს, რომ საქართველოს მომავალი განვითარება დაკავშირებულია აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობასთან. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პრემიერის მხრიდან ამ განწყობის დადასტურება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მე მის პოზიციას ვიზიარებ“, – განაცხადა სარჯველაძემ ბრიფინგზე.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ გაუგებრობები წარსულში უნდა დარჩეს.
„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს გაუგებრობები წარსულში დარჩეს. ჩვენ აშშ-თან და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა უნდა გავაძლიეროთ, რათა საქართველომ შეძლოს მშვიდად გამოსვლა რეგიონში დაძაბული სიტუაციიდან“, – განაცხადა ზარქუამ.
პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა მმართველი პარტიის დატოვების შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს.
დეპუტატები მკაცრ წერილებს აქვეყნებენ აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანის მიმართ და მას საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის, „ქართული ოცნების“ დამხობისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობაში ადანაშაულებენ.